მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” წევრის შვილმა ქვეყნის დატოვების შემდეგ, მამის მიერ ოჯახში ძალადობაზე მიმართვა გაავრცელა, პოლიტიკოსის მხარდამჭერი განცხადებები მისმა თანაპარტიელებმა გააკეთეს და აღიარეს, რომ თავადაც ძალადობენ შვილებზე.
“მეც მიცემია შვილები, სწორედ ამიტომ, ისინი ისეთები არიან ახლა, როგორიც სულ მინდოდა ყოფილიყვნენ”, – დაწერა ფეისბუკზე პარტიის წევრმა მამედ იბრაგიმმა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას კითხვაზე, “რატომ უჭერთ მხარს გაჰრამანლის, თქვენც სცემთ საკუთარ შვილებს?”
პარტია “სახალხო ფრონტის” წევრის შვილი სელჯან იაგმური ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ მამა რეგულარულად სცემდა მას, მის მცირეწლოვან დას და ცოლს.
“დედას თითები დაუმტვრია, მე – მუხლები, დედის და ჩემი დის სხეულზე მუდმივად ჩალურჯებები იყო. დედას ბევრჯერ ჰქონია მამასთან განქორწინების სურვილი, თუმცა, ყოველ ჯერზე მამის ბინძური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი ხდებოდა”.
გაჰრამანლიმ თავდაპირველად უარყო ბრალდება და თქვა, რომ მისი შვილის ფეისბუკი “გატეხეს, თუმცა, შვილის ვიდეომიმართვის შემდეგ, ძალადობა აღიარა და ამავე დროს, შვილის ბრალდებები ხელისუფლების ინტერესებს დაუკავშირა.
“დიახ, ჩვენს ოჯახში 5 წლის წინ იყო კონფლიქტები, რასაც დღეს განვიცდი. მაგრამ ის, რაც ჩემმა შვილმა დაწერა, დრამატიზებულია. ჩვენი მტრები იყენებენ დღეს ამ ყველაფერს ჩვენი პარტიისა და ჩემი ლიდერის, ალი ქერიმლის წინააღმდეგ. ამიტომაც მივდივარ, რომ არ დავაზარალო პარტიის იმიჯი”.
თავად ალი ქერიმლი, ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც გაჰრამანლის შვილმა მამის მხარდაჭერაში და ოჯახის მიმართ ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა, მისი თანაპარტიელის მიმართ ბრალდებებს ასე გამოეხმაურა:
“მე ვიცოდი მათ ოჯახში კონფლიქტის შესახებ ის, რასაც თავად ისინი მიყვებოდნენ და როგორც ოჯახის მეგობარი, ვეუბნებოდი, რომ განქორწინება უკიდურესი ზომაა. ჩვენი პარტია საკუთარი წევრთა ოჯახის პრობლემებით არ არის დაკავებული. ფუად გაჰრამანლი იდეებით სავსე და პრინციპული ადამიანია, რომელიც წლებია ხელისუფლებას ებრძვის. დღეს ჩვენ არა ოჯახის კონფლიქტებზე, არამედ ჩვენს მიტინგზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც 28 სექტემბერს უნდა გაიმართოს”.
ალი ქერიმლის ამ განცხადების შემდეგ პარტიის სხვა წევრებიც გაჰრამანლის მხარდამჭერი ტექსტებით გამოვიდნენ და აღიარეს, რომ თავადაც სცემდნენ შვილებს და ეს ნორმალურია.
ამის მიუხედვად, საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ფუად გაჰრამანლიმ, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელმა პარტიის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობა დატოვა.