ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სკანდალი აზერბაიჯანის ოპოზიციაში – პოლიტიკოსის შვილმა მამა ძალადობაში დაადანაშაულა

20 სექტემბერი, 2019 • 2885
სკანდალი აზერბაიჯანის ოპოზიციაში – პოლიტიკოსის შვილმა მამა ძალადობაში დაადანაშაულა

ავტორი: გუნელ მევლუდი


ალიევის მიერ შეწყალებული, აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის თანაშემწის, ფუად გაჰრამანლის შვილმა ქვეყნის დატოვების შემდეგ მამა ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.

ფუად გაჰრამანლის შვილმა სელჯან იაგმურმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მამის ძალადობრივი ქმედებები 19 სექტემბერს გახადა საჯარო, რასაც სოციალურ ქსელებში ფართო განხილვები მოჰყვა. აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკოსის შვილის მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ და ფუად გაჰრამანლის ქმედებები დაგმეს.

სელჯან იაგმური ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ მამა რეგულარულად სცემდა მას, მის მცირეწლოვან დას და ცოლს.

“დედას თითები დაუმტვრია, მე – მუხლები, დედის და ჩემი დის სხეულზე მუდმივად ჩალურჯებები იყო. დედას ბევრჯერ ჰქონია მამასთან განქორწინების სურვილი, თუმცა, ყოველ ჯერზე მამის ბინძური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი ხდებოდა”.

სელჯან იაგმურის ვრცელი პოსტიდან ისიც ირკვევა, რომ “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი მისი თანაშემწის [სელჯან იაგმურის მამის] დასჯის ნაცვლად, მუდმივად მხარს უჭერდა მას.

“ყველა დროს, როდესაც დედა განქორიწინებას აპირებდა, ალი ქერიმლი დედას გადარწმუნებას ცდილობდა, ეუბნებოდა, რომ ყველა ოჯახში ხდება მსგავსი რამ და ზეწოლას ახდენდა მასზე, რომ განქორწინებაზე განცხადება არ შეეტანა”.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერის გარდა, მათ ოჯახზე ზეწოლას პარტიის სხვა წევრებიც ცდილობდნენ.

“დედას საზოგადოებრივი საქმიანობა [მწერალი და ცნობილი ბლოგერი სელჯან ზურმუდ იაგმური], ასევე ჩემი და ჩემი დის [სანაი იაგმური 14 წლის უფლებადამცველი და აქტივისტი] ტანსაცმელი მუდმივად პარტიის წევრთა კრიტიკის საგანი ხდებოდა, ისინი მამას დასცინოდნენ, რომ ოჯახში არავინ უსმენდა და არავინ სცემდა პატივს, რითაც ახალისებდნენ მას, ვეცემეთ მორიგ ჯერზე. მთელი ჩემი ცხოვრება დალურჯებებში, სისხლში და ცემაში გავიდა”.

თავად ფუად გახრამანლის საჯაროდ თავის მართლება მოუწია. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ მის შვილის ნაცვლად აღნიშნული ტექსტი სხვამ დაწერა. თუმცა, მოგვიანებით, შვილმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა და დაადასტურა, რომ ნამდვილად ის წერდა. უფროსი დის შემდეგ, მამის ძალადობის მამხილებელი მიმართვა მისმა უმცროსმა შვილმაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პოლიტიკოსმა ისევ იმართლა თავი:

“სანამ მე ციხეში ვიყავი, ვერ შევძელი შვილის აღზრდა და ახლა მასთან ისეთ თემებზე მაქვს უთანხმოება, როგორიცაა, მაგალითად, ფემინიზმი. ზუსტად ამ დილით მოვითხოვე მისგან, რომ წაეშალა ქალების უფლებებზე დაწერილი პოსტი, რამაც ის გააბრაზა და ამიტომაც აღწერა ჩვენი ოჯახის უსიამოვნო მომენტები ასე დრამატულად”.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” წევრის შვილმა ქვეყნის დატოვების შემდეგ, მამის მიერ ოჯახში ძალადობაზე მიმართვა გაავრცელა, პოლიტიკოსის მხარდამჭერი განცხადებები მისმა თანაპარტიელებმა გააკეთეს და აღიარეს, რომ თავადაც ძალადობენ შვილებზე.

“მეც მიცემია შვილები, სწორედ ამიტომ, ისინი ისეთები არიან ახლა, როგორიც სულ მინდოდა ყოფილიყვნენ”, – დაწერა ფეისბუკზე პარტიის წევრმა მამედ იბრაგიმმა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას კითხვაზე, “რატომ უჭერთ მხარს გაჰრამანლის, თქვენც სცემთ საკუთარ შვილებს?”

ამის მიუხედვად, საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ფუად გაჰრამანლიმ, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელმა პარტიის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობა დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი