აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძე აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე სულ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ვიცე-სპიკერის პოსტზე მედეა ვასაძე წარადგინა, მედეა ვასაძემ კი „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა დაასახელა. კენჭისყრის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათილად გამოაცხადა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.
ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას დეპუტატებმა ორჯერ უყარეს კენჭი. პირველ შემთხვევაში მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, მეორე კენჭისყრის დროს კი ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერის პოსტზე რვა ხმით აირჩიეს. ჩატარებული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონოდ გამოაცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
„აჭარის კონსტიტიციით და რეგლამენტის დარღვევით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება“ – ამ განცხადების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ ჩაქუჩი დაარტყა და დარბაზი დატოვა.
“თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი სულხან ღლონტი ამბობს, რომ ბერიძის გადაწყვეტილება საოცარია და მსგავსი პრეცენდენტი მას არ ახსენდება. “თავისუფალი დემოკრატები” კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა სხდომას ესწრბოდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატებსაც.
“აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრემ რაც გააკეთა, ეს არის წარმოუდგენელი, მან დადგენილების პროექტი არ დააყენა კენჭისყრაზე, ეს არ შეიძლება და უკანონოა, რადგან მასში აისახება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები” – ამბობს ღლონტი.
კანონის თანახმად, დადგენილების პროექტს თუკი ვინმე არ ეთანხმება, მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოს გზით შეუძლია.
“ისტორიაში შევიდა ავთანდილ ბერიძე, ის, რაც არ უკადრებია არც ერთ უმაღლესი საბჭოს და მსოფლიოში ალბათ არც ერთ საკანონმდებლო ორგანოში არ მომხდარა, დადგენილების პროექტს, კანონიერი კენჭსყრის შედეგბის დასაფიქსირებელ პროექტს ავთანდილ ბერიძემ არ უყარა კენჭი”,– ამბობს ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც დღეს 8 დეპუტატმა ვიცე–სპიკერად აირჩია.
ჯემალ ფუტკარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი იყო, თუმცა დღეს დამოუკიდებელი დეპუტატია. აჭარის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები “ქართული ოცნებიდან” მურმან დუმბაძის გარიცხვის შემდეგ დაიწყო. თუმცა, როდესაც 2015 წლის თებერვალში მედეა ვასაძემ დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” ფრაქცია, ოცნებამ საბჭოში უმრავლესობა დაკარგა. მედეა ვასაძის გასვლის შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი კონფიგურაცია გაჩნდა და “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილების მიღების უფლება დაკარგა. აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, აქედან 8 “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, 2 პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, რომელმაც მმართველი კოალიცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ დატოვა, და სამი დამოუკიდებელი დეპუტატი – მედეა ვასაძე, ანზორ თხილაიშვილი და ჯემალ ფუტკარაძე. შედეგად, “ქართულ ოცნებას” უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 8 დეპუტატი ჰყავს.