2015 წლის 13 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთ-ერთი დევნილის სახელით მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს.
საია აცხადებს, რომ სამინისტრო არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილ განაცხადებს, რომელთა ოჯახის წევრს ან წევრებს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.
საია-ს ცნობით, ამ დროისათვის უკვე 218 დევნილი ოჯახის განაცხადი დარჩა განუხილველი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ყველა დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, აცხადებს ორგანიზაცია.
საიას განმარტებით, არსებული ნორმების პირობებში, იმ დევნილებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ერთმევათ შესაძლებლობა თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამაზე.
საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თვითონვე უზრუნველყონ საკუთარი ნორმატიული აქტების ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და აღმოფხვრან არსებული დისკრიმინაციული რეგულაციები.