ახალი ამბები

აქტივობა საარჩევნო უბნებზე 2020-ისთვის და “სირცხვილიას” ორგანიზატორების სხვა გეგმები

19 სექტემბერი, 2019 • 1077
აქტივობა საარჩევნო უბნებზე 2020-ისთვის და “სირცხვილიას” ორგანიზატორების სხვა გეგმები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “სირცხვილია” 20 სექტემბრიდან სამოქალაქო აქტივობის ახალ ეტაპზე გადადის და ყოველდღიურ ფორმატში აქციებს აღარ გამართავს.

სამოქალაქო მოძრაობა 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას ან რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას არ გეგმავს, თუმცა კამპანია “გამოდი არჩევნებზე” მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

სამოქალაქო მოძრაობის გეგმებშია საარჩევნო უბნებზე საკუთარი დამკვირვებლების მობილიზება.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აქციის  ორგანიზატორებმა, შოთა დიღმელაშვილმა და გიგა მაქარაშვილმა განუცხადეს.

“20 სექტემბრიდან ყოველდღიური აქციები აღარ იქნება, დაკიდული თარიღებით ვივლით. სამი თვე უწყვეტი აქციების უზრუნველყოფა შევძელით და სხვა ფორმატში გაცილებით ადვილი იქნება რესურსების მობილიზება. როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ფანდრაიზინგს ადამიანებისგან. საერთაშორისო ფონდების, საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი გვაქვს. პოლიტიკური ფული “სირცხვილიას” არც აქამდე აუღია და არც აწი აიღებს, იმიტომ, რომ ეს უნდა დარჩეს სამოქალაქო მოძრაობად”,- ამბობს  დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილის თქმით, 20 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო მოძრაობა 2 მიმართულებით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

“ერთი არის საინფორმაციო კამპანიების ნაწილი, რაც მოიცავს არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებს, კამპანია “გამოდი არჩევნებზე”… და მეორე აქტივისტური ნაწილი, რაც გულისხმობს რეგონებში ქსელების შექმნას, ამ მოძრაობის ზრდის მოდელის უზრუნველყოფას”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა არ აპირებს რომელიმე პარტიის მიმართ მხარდაჭრის გამოხატვას, მაგრამ მოქალაქეებს მოუწოდებს,  ხმა მისცენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

“იქნება საინფორმაციო კამპანიები, რომ ხელი შეეშალოს მოდელირებული რეალობის შექმნას, რითაც დაკავებულია ტროლების და ბოტების ქარხანა და სახელისუფლებო მედია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამ ხმებს დაცვა დასჭირდება”, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა ფორმით აპირებს ხმების დაცვას, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ტრადიციული ფორმებით, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე აქტივობით, თუმცა ამ და სხვა გეგმებზე უფრო დაწვრილებით ხვალ ილაპარაკებს.

“ალბათ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი  იქნება ის, რომ შევქმნათ მოხალისე დამკვირვებლების დიდი არმია. თუნდაც 1 ან ორი დამკვირვებელი ყველა უბანზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი იმისი, რომ საქართველოს 2020 წელს ეყოლება რეალურად ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიგა მაქარაშვილმა.

მისი თქმით, ახალ ფორმატზე გადასვლა  არავითარ შემთხვევაში არ არის ბრძოლის დასასრული.

“პირიქით – ვიწყებთ ახალ, ძალიან ძლიერ ტალღას. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიერთოთ ამ ბრძოლაში. სხვადასხვა მიმართულებით შევეცდებით, რომ განვვითარდეთ და გავძლიერდეთ იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში. ძალიან ბევრ უკვე არსებულ აქტიურ ადამიანებს შემოვიკრებთ ჩვენ გარშემო და ვიბრძოლებთ  იმისთვის, რომ მედიასივრცეში და იგივე სოციალურ მედიაში მცდარი ინფორმაციების დროული იდენტიფიკაცია მოხდეს და მოსახლეობის სიცრუეში შეყვანა ვერ მოასწროს ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ამას აქტიურად აკეთებს ბოტების და ტროლების მეშვეობით. ვიბრძოლებთ აუცილებლად დაკავებულთა ინტერესების დასაცვად”,- აღნიშნა მაქარაშვილმა.

20 ივნისის მოვლენებიდან სამი თვისთავზე, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე #სირცხვილია მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას და სამოქალაქო მოძრაობის სამომავლო გეგმების პრეზენტაციას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი