ახალი ამბები

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: “ოცნება” – 20%, ენმ – 9%, ევროპული საქართველო – 4% – NDI

19 სექტემბერი, 2019 • 2698
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: “ოცნება” – 20%, ენმ – 9%, ევროპული საქართველო – 4% – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს. “ოცნება” პირველ არჩევნად გამოკითხულთა სწორედ ამ ნაწილმა დაასახელა.

26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 9%, უარი პასუხზე – 9%, პატრიოტთა ალიანსი – 4%, ევროპული საქართველო – 4%.

კვლევის ჩატარების პერიოდში მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება ჯერ დააანონსებული არ ჰქონდა და, შესაბამისად, მასზე კითხვა დასმული არ არის.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა 59%. ამ ადამიანების (ანუ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს), 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, 46%-ს კი ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატარდა და მისი ცდომილება +/- 1.7-%-ია. სულ გამოიკითხა 2 131 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი