ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ. აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება მუდმივმოქმედი ჯგუფი ადვოკატებისა, რომლებიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებენ.
„ვინც ჩაიდენს დანაშაულს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს ის, ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება წამყვანი ამ პროცესში, დღეს მთავრობამ დაამტკიცა სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი,“ – განცხადა თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე საუბრისას.
სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში არასრუწლოვანებთან უპირატესობა ენიჭება მედიაციისა და განრიდების ინსტიტუტებს. ახალი კოდექსის კანონპროექტის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე, ხოლო პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება, იკრძალება არასრუწლოვანისთვის უვადო პატიმრობა.
წულუკიანმა ასევე განმარტა, რომ განიხილავენ არასრულწლოვანების შემთხვევაში შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ზომას, თუმცა სახელმწიფომ ამისთვის საჭირო ჯერ სპეციალური სამაჯურები უნდა შეიძინოს, მინისტრის განმარტებით შინაპატიმრობის ხარჯზე სახელმწიფო დიდ ეკონომიას გააკეთებს, რადგან პენიტენციალურ სისტემაში პატიმრის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება ვიდრე შინაპატიმრობის ინსტუტუტის ამოქმედება.