საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, მას სურს სჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი სკანდალური შეწყალებები “გაუჩალიჩეს”. ამის შესახებ ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
“არსებობს კითხვები და თუ ეს ვინმემ ქალბატონ სალომეს მოუწყო, ვიღაცამ ე.წ. გაუჩალიჩა, მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი… თუ არა, მაშინ უნდა გაკეთდეს განმარტება, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”, – ამბობს ზარდიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით მას საზოგადოების წუხილი ესმის.
“მინდა მივმართო საზოგადოებას, იმიტომ, რომ მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოაგდოება რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებებზე შფოთავს.
მე მინდა ვთქვა, რომ შეწაყლება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება და არც რევიზია რომელიმე სასამართლოს გადაწყვეტილების, ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყევტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემობების და მოცემულობის შეფასება და არ გამორიცხავს შეცდომას და არც იმას, რომ სხვას განსხვავებული შეფასება ჰქონდეს იგივე მოცემულობაზე. ამიტომაც გამოვედი წინა წელ,ს რომ გადახედილიყო წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციებიც შედგა პარლამენტის თავმდჯომარესთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი შევა, მომდევნო კვირიდან დაიწყებს მუშაობას.
ამ წესების შემუშავებამდე კი ის შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. “ვნახოთ, როგორ იქნება შეწყალება ჩემს ან შემდეგი პრეზიდენტის დროს”.
მისივე თქმით, საპარლამენტო მდივანი გიორგი გაბუნია მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაფერ შუაშია და მედიაში მისი სახელისა და გვარის ხსენება მხოლოდ სპეკულაციაა.
“მე მივიღე გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა ჩემზეა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.