ახალი ამბები

გიორგი გახარია სოცქსელებში – ფეისბუკის ნაცვლად ტვიტერი

17 სექტემბერი, 2019 • 5373
გიორგი გახარია სოცქსელებში – ფეისბუკის ნაცვლად ტვიტერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ფეისბუკზე ოფიციალური გვერდი არ აქვს, ტვიტერზე გააქტიურდა.

გაპრემიერების შემდეგ მას ტვიტერზე 5-ზე მეტი განახლება აქვს გაკეთებული.

სქრინი – გიორგი გახარია ტვიტერზე

პრემიერი განახლებებს ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვეყნებს. ის ტვიტერის აუდიტორიას მის სხვადასხვა აქტივობას აცნობს პრემიერის რანგში, საუბარია შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობაზე და ა.შ.

გახარია ტვიტერს 2018 წლის აგვისტოს შეუერთდა მას 1200-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

საქართველოს ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფეისბუკზე ოფიციალური გვერდი არ აქვს. გიორგი გახარია ფეისბუკით არც შს და ეკონომიკის მინისტრობისას სარგებლობდა.

ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ გიორგი გახარია პირველი პრემიერია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რომელიც ფეისბუკზე წარმოდგენილი არ არის. წინა პრემიერები ფეისბუკს აქტიურად იყენებდნენ მათთან დაკავშირებული სიახლეების გასავრცელებლად. მამუკა ბახტაძემ პირველად სწორედ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობას ტოვებდა. ფეისბუკის ოფიციალური გვერდები ამჟამად გაუქმებული აქვთ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს: გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.

“საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური”, – ასე უპასუხე ნეტგაზეთის კითხვას, აპირებს თუ არა გიორგი გახარია ფეისბუკ-გვერდის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი