ახალი ამბები

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა და კანადაში დაბრუნდა

17 სექტემბერი, 2019 • 1797
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა და კანადაში დაბრუნდა

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თავად მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა დაუდასტურა.

“დავტოვე და არა მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არამედ საქართველოც. ერთი წლის წინ ჩამოვედი მოკლევადიანი კონკრეტული მიზნისთვის – ჩემს მეგობარს დავდგომოდი გვერდში არჩევნებში. შემდეგ, პრეზიდენტის თხოვნით, გარკვეული დროით დავრჩი ისევ პრეზიდენტისთვის დასახმარებლად. ამჯერადაც პრეზიდენტის მხრიდან კვლავ იყო შემოთავაზება დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი კანადაშია და ოჯახის გამო ვბრუნდები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მას ფეისბუკზე მადლობას უხდის. “ბედნიერი იყოს გზა შინისაკენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კონფლიქტოლოგი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად მიმიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი იყო ქართულ-ოსური კავშირის, “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელი. 2006-07 წლებში  სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. აგვისტოს ომის შემდეგ მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა საქართველო დატოვა და კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დევნასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

“ინტერპრესნიუსი” 2011 წელს წერდა, რომ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვიდეოსტუდიამ HRIDC.TV “კინოს სახლში” პრემიერა გამართა ახალი დოკუმენტური ფილმის “დღევანდელი საქართველო გთავაზობთ”, სადაც ოსი ეროვნების ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკა ოსი ეროვნების მოქალაქეებზე პრივილეგიების გავრცელების შესახებ მხოლოდ პიარ-კამპანია იყო და ეს პიარ-კამპანია მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ფილმში მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ ის ოქრუაშვილთან დაპირისპირებისთვის გამოიყენა.

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კონფლიქტების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი