ახალი ამბები

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კონფლიქტების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

6 თებერვალი, 2019 •
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კონფლიქტების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

კონფლიქტოლოგი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებს.

როგორც “ნეტგაზეთს” მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა განუცხადა, ის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში კონსულტანტად დაინიშნა.

პრეზიდენტის პრესსპიკერ ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ჩიგოევა-ცაბოშვილი დროებითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არის დასაქმებული და მას კონფლიქტების საკითხებზე კონსულტაციების გაწევა ევალება.

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ის მონაწილეობდა პროექტებში: “ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო გარანტორების ინსტიტუტი”, “სამხრეთ ოსეთში 1989-1992 წლებში განვითარებული მოვლენების შეფასება”, “სამხრეთ ოსეთის პილიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის კონცეფცია”, “ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სამოქმედო გეგმა”.

ის იყო ქართულ-ოსური კავშირის, “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელი. 2006-07 წლებში  სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. აგვისტოს ომის შემდეგ მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა საქართველო დატოვა და კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დევნასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

“ინტერპრესნიუსი” 2011 წელს წერდა, რომ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვიდეოსტუდიამ HRIDC.TV “კინოს სახლში” პრემიერა გამართა ახალი დოკუმენტური ფილმის “დღევანდელი საქართველო გთავაზობთ”, სადაც ოსი ეროვნების ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკა ოსი ეროვნების მოქალაქეებზე პრივილეგიების გავრცელების შესახებ მხოლოდ პიარ-კამპანია იყო და ეს პიარ-კამპანია მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ფილმში მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ ის ოქრუაშვილთან დაპირისპირებისთვის გამოიყენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი