ახალი ამბები

ვამხილეთ პირი, რომელიც “გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების დახოცვით ემუქრებოდა – შსს

17 სექტემბერი, 2019 •
ვამხილეთ პირი, რომელიც “გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების დახოცვით ემუქრებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამხილეს პირი, რომელიც “გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების დახოცვით ემუქრებოდა. უწყების განცხადებაში წერია, რომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი ბრალს აღიარებს.

ეს დანაშაული 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

“გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეა იოსელიანმა მუქარის წერილი 28 აგვისტოს ფეისბუკზე მიიღო, თუმცა, როგორც ის ნეტგაზეთს უყვება, რადგან გამომგზავნი მეგობრებში დამატებული არ ჰყავდა, შეტყობინება გუშინ, 8 სექტემბერს გახსნა.

“დღეს პოლიციაში მივედი, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყეს”,-ამბობს ჟურნალისტი.

იოსელიანი ნეტგაზეთს უყვება, რომ 16 წელზე მეტია ჟურნალისტიკაშია და მუქარის ფაქტი აქამდე არ ყოფილა:

“ჟურნალისტურ გამოძიებებზეც მიმუშავია, თუმცა მუქარის ფაქტი არასდროს ყოფილა. მინდა ასევე ვთქვა, რომ პირადულს გამოვრიცხავ, რადგან მტერი არასდროს მყოლია. ამას [მუქარის წერილს] პირდაპირ ვუკავშირებ ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი