ახალი ამბები

“უცვლელი ან უარესი შესაძლებლობები” – რას ამბობს NDI-ის ბოლო კვლევა ეკონომიკაზე

17 სექტემბერი, 2019 • 1993
“უცვლელი ან უარესი შესაძლებლობები” – რას ამბობს NDI-ის ბოლო კვლევა ეკონომიკაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულების 78%-ისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ფინანსურად არაფერი შეცვლილა ან ამბობს, რომ ახლა ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს; 70% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობაა — ეკონომიკა ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფს აძლევს სარგებელს.

ამასთან, გამოკითხულების უმრავლესობა (63%) საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. რას ამბობს ეს კვლევა უფრო ზუსტად — როგორია გამოკითხულების ხედვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უთანასწორობაზე, შემოსავლებზე, ხარჯებზე, სესხებზე, სამუშაო გარემოზე და სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხზე?

ეკონომიკური მდგომარეობა და უთანასწორობა

ავტორების თანახმად, კვლევაში გამოკითხულების 63% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, როგორც „ცუდს“. გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კარგია, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას “საშუალოდ” 31% აფასებს.

როგორ აფასებენ გამოკითხულები არა ზოგადად ქვეყნის, არამედ პირადად თავიანთ ახლანდელ ფინანსურ შესაძლებლობებს 5 წლის წინანდელთან შედარებით?

43%-ის თანახმად, 5 წლის წინ უკეთესი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე ახლა. 35%-სთვის ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. გამოდის, რომ ჯამში, 78%-ისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ფინანსურად არაფერი შეცვლილა ან ამბობს, რომ უარესობისკენ შეიცვალა. მხოლოდ 21% ამბობს, რომ ახლა 5 წლის წინანდელზე მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს.

კვლევის მონაწილეების ხედვით, ეკონომიკური უთანასწორობა აშკარა უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველს შემდეგი გარემოება გვაძლევს: რესპონდენტების 70%-მა თქვა, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. გამოკითხულებისგან მხოლოდ 12% აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყველა მოქალაქეს თანაბრად აძლევს სარგებელს; 9%-ის თქმით კი, საქართველოს ეკონომიკა არავის აძლევს სარგებელს.

NDI-ის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საკუთარ თავს საშუალო და დაბალ ეკონომიკურ საფეხურზე მდგომად აღიქვამს. უფრო ზუსტად:

წყარო: NDI/CRRC

შემოსავლები და ხარჯები

გამოკითხულების 63% ამბობს, რომ წინა თვეში მათი ოჯახის ფულადი შემოსავალი [დაქვითვის შემდეგ] 800 ლარამდე იყო; 20% ასახელებს 801 ლარზე მეტს [16%-მა კითხვას არ უპასუხა ან თქვა, რომ არ იცოდა]. 1600 ლარზე მეტი მხოლოდ 5%-ს ჰქონდა.

კითხვაზე, რაში ხარჯავს მათი ოჯახი ყოველთვიურად ყველაზე მეტს, ყველაზე მეტჯერ საკვები დაასახელეს. კვლევის მონაწილეებს აქ რამდენიმე პასუხის მონიშვნა შეეძლოთ [რაც იმის მიზეზია, რომ რიცხვების ჯამი 100-ზე მეტია]. საკვების შემდეგ მოდის კომუნალური მომსახურება, წამლები და სესხი/განვადება/იპოთეკა და ა.შ.:

წყარო: NDI/CRRC

გამოკითხულების თითქმის ნახევარი — 48% — ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა [სულ მცირე, ერთი] ისეთი შემთხვევა, რომ არ ჰქონდა ფული კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ხედვები დასაქმებაზე

გამოკითხულების მხოლოდ 38% ამბობს, რომ თავს დასაქმებულად თვლის (NDI-ის მითითებით, საქსტატის სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 13% საჯარო სექტორშია დასაქმებული). 61% ამბობს, რომ არ თვლის თავს დასაქმებულად [კვლევის ავტორების თანახმად, ამ კითხვის დასმისას რესპონდენტებს განუმარტავდნენ, რომ აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთით დასაქმება ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ასევე, თვითდასაქმება — ერთი სიტყვით, მთავარია, რომ მათ საქმიანობას შემოსავალი მოჰქონდეს].

დაუსაქმებელი 61%-დან მხოლოდ 7% იყო ისეთი, რომელიც ამბობდა, რომ არ სურდა მუშაობა. სხვები ან პირადი კავშირების გამო ვერ პოულობდნენ სამსახურს, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, სხვა მოვალეობების, ასაკის გამო და ა.შ.. უფრო ზუსტად, მკვლევრების თანახმად, გამოკითხულები უმუშევრობის შემდეგ მიზეზებს ასახელებდნენ:

წყარო: CRRC/NDI

სამუშაო გარემო 

რაც შეეხება მათ, ვინც დასაქმებულად იდენტიფიცირდებოდა (ანუ ზემოთ ნახსენები 38%-ს): კვლევის თანახმად, მათი 77% ამბობდა, რომ მისი სამუშაო ადგილი/გარემო უსაფრთხოა; 72%-ის თანახმად, მათი უფროსი თანამშრომლებს პატივისცემით და სამართლიანად ეპყრობა.

ამასთან,  55% მიიჩნევდა, რომ მათი ხელფასი არ შეესაბამება მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს. კიდევ უფრო მეტი — 64% ამბობს, რომ სამსახურში დაწინაურებისა და კარიერული ზრდის კარგი შესაძლებლობები არ აქვს. რაც ყველაზე საყურადღებოა, 70% ამბობს, რომ სამსახურში ჯანმრთელობის კარგი დაზღვევა არ აქვს.

ეკონომიკური უსაფრთოხება

კვლევის თანახმად, დასაქმებულად იდენტიფიცირებულების [ანუ გამოკითხულების 38%-ის] დიდი ნაწილი, კერძოდ კი 44%, ამბობდა, რომ ეშინია მომდევნო 6 თვის განმავლობაში სამსახურის დაკარგვის.

54%-ის თქმით, მის ოჯახს რომ მოულოდნელად 300 ლარი დასჭირდეს, ვერ შეძლებს უპროცენტოდ ფულის სესხებას. კვლევა ტოვებს ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ბევრს შეიძლება ფულის სესხება დასჭირდეს, რადგან გამოკითხულების აბსოლუტურ უმრავლესობას, 88%-ს, ან მის ოჯახს, ამჟამად არავითარი სახის დანაზოგი არ გააჩნია. დანაზოგის ქონაზე მხოლოდ 10% მიუთითებს.

თუ უპროცენტოდ სესხის აღებას ვერ შეძლებდნენ, ერთ-ერთი გამოსავალი ბანკისგან სესხის აღება იქნებოდა. გამოკითხულების 72%-ის თქმით, არ სჯერა, რომ კომერციული ბანკები კარგი პირობებით შესთავაზებდნენ სესხს. მხოლოდ 18% ამბობს, რომ ამის სჯერა.


კითხვაზე, საერთო ჯამში, მათი აზრით, ვინაა უმთავრესად პასუხისმგებელი ეკონომიკურ პრობლემებზე ქვეყანაში, 84%-მა მთავრობა დაასახელა. მხოლოდ 1%-მა დააკისრა ეს პასუხისმგებლობა თავად მოქალაქეებს. რაც შეეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობას, — ამაზე სრულ პასუხისმგებლობას გამოკითხულთა 76% აკისრებს მთავრობას. ეს კითხვა ასეთი ფორმულირებით იყო დასმული:

წყარო: NDI/CRRC

ნახეთ კვლევის ცდომილება, შერჩევა და მეთოდოლოგია

კვლევის შერჩევა

კვლევის მეთოდოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი