ახალი ამბები

პროკურატურაში გვანახეს კადრები, რომელზეც ხაზარაძის ხელმოწერა იყო – რატიანი

17 სექტემბერი, 2019 • 6092
პროკურატურაში გვანახეს კადრები, რომელზეც ხაზარაძის ხელმოწერა იყო – რატიანი

მწერალ ზვიად რატიანის თქმით, პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის მიერ გადაცემული კადრები აჩვენეს, რომელზეც მისი ხელმოწერა იყო. მისივე თმით, თიბისი ბანკის ბანკომატის ჩანაწერები საგამოძიებო უწყებაში ხაზარაძის გადაწყვეტილებით მოხვდა.

“თიბისი ბანკის დამონტაჟებული კადრებია იქ [პროკურატურაში] მიტანილი. რა ფოტოების გადაღება ხდება?! ამოღებულია ყველაფერი [კადრები], რითიც ეს ისტორია დაიწყო და არ მინდა ვინმეს გავახსენო. არ ვამხილე [მამუკა ხაზარაძე], სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა.. პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, რომელზეც ხაზარაძის, როგორც დირექტორის [თუ რაც ჰქვია], ხელმოწერა იყო. [ამის დადასტურება] ოდესმე შემეძლება”,-ამბობს რატიანი.

ხაზარაძე რატიანის ბრალდებას უარყოფს: “გუშინ მოვითხოვე ინფორმაცია თიბისი ბანკიდან და არანაირი მოთხოვნა კადრების გადაცემაზე არ ყოფილა. მეტიც, ბანკომატი იღებს ფოტოებს და არა ვიდეოს.”

პოეტი ზვიად რატიანი ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. ის გასული წლის 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა. პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადეობრივმა მაუწყებელმა შსს–დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი