ახალი ამბები

კომიტეტმა ოკუპაციის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზე დადგენილებას მხარი არ დაუჭირა

16 სექტემბერი, 2019 • 1064
კომიტეტმა ოკუპაციის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზე დადგენილებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის შესახებ, რომელიც რუსეთისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შეტანას ეხება.

“ევროპული საქართველოს” წევრები დაინტერესდნენ, თუ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკრაინის გამო, ამავდროულად, საკუთარ მიღწევად აცხადებს, რომ აშშ-მა დაუწესა სანქციები ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, რა ლოგიკით არ უჭერს მხარს დადგენილების პროექტს.

“ამ დადგენილებას ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმიტომ, რომ ეს არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრგის ნაწილი. მხოლოდ ამიტომ”, – მიმართა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ოპოზიციას.

ოთარ კახიძემ ხულორდავას შესთავაზა, რომ “ევროპული საქართველო” უკან გაიწვევს დადგენილებსი პროექტს, თუ “ქართული ოცნება” პირობას დადებს, რომ თვითონ მოახდენს პროექტის ინიცირებას.

“ასე მოვიქცეთ”, – განაცხადა ხულორადავამ, თუმცა პირობა არ დაუდია, რომ “ქართული ოცნება” თავად გახდება მსგავსი დადგენილების ინიციატორი.

“ევროპულმა საქართველო” პარლამენტში დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მა შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დღეს გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, რადგან ეს რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რეალური სანქციების დაწესებას გამოიწვევს.

ამ თემაზე:

“ევროპული საქართველო” რუსეთისთვის დამატებით სანქციებს ითხოვს, “ოცნება” წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი