ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” რუსეთისთვის დამატებით სანქციებს ითხოვს, “ოცნება” წინააღმდეგია

16 სექტემბერი, 2019 • 1183
“ევროპული საქართველო” რუსეთისთვის დამატებით სანქციებს ითხოვს, “ოცნება” წინააღმდეგია

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას და რუსეთისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შეტანას.

“საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და რეალურ ეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, “ევროპული საქართველოს” მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის ავტორები “თავად არიან შემოქმედი იმ უბედურებისა, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით”.

“იცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც ცნობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტს, აღიარებს აფხაზეთს, აღიარებს ცხინვალის რეგიონს, ექვემდებარება ეკონომიკურ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დამატებითი მოძრაობები ამ მიმართულებით ნიშნავს, რომ იქით რუსეთის მხრიდან გამოიწვიო ეკონომიკური სანქციები, რომლის რესურსი რეალურია. აქედან გამომდინარეობს ამათი მიზანი – არა კეთილშობილური აზრიდან, არამედ იმ საკითხებზე ხაზსგასმის ინეტრესიდან, რომელიც გამოიწვევს საპასუხო რეალურ ქმედებებს, რაც თავზე უბედურებად დაატყდება ღვინის, ციტრუსის მწარმოებლებს და ა.შ.”, – დასძინა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს
აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მა შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დადგენილების პროექტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი