ახალი ამბები

“დიახ, მე ვაგინე, ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს და არ ვნანობ ამას“ – გაბუნია

15 სექტემბერი, 2019 •
“დიახ, მე ვაგინე, ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს და არ ვნანობ ამას“ – გაბუნია

“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კითხვა, რომელსაც მე ადამიანები მისვამდნენ იყო ეს – რატომ ვაგინე ასეთი უშვერი სიტყვებით პუტინს? ჯერ ერთი, არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, ამას აკეთებს ყველა საქართველოში: სახლში, ქუჩაში, სამსახურში – ყველა თავის სივრცეში.

ჩემი სივრცე ეს არის. ამიტომაც მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად – მისავე ენაზე და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა,“ – ასე დაიწყო გიორგი გაბუნიამ თავისი პირველი გადაცემა “მთავარ არხზე“, რომელსაც “პოსტ ფაქტუმი“ ჰქვია.

მანამდე ჟურნალისტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გადაცემა “პოსტ სკრიპტუმი“ მიჰყავდა. სწორედ ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში აგინა გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. დღევანდელ გადაცემაში კი მან ვრცლად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე და განმარტა:

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მართლაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მზად არიან საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება გაცვალონ მონურ დუმილში და ხმის ამოუღებლად უყურონ იმას, თუ როგორ იპყრობს ნელ-ნელა რუსეთის მავთულხლართები ჩვენს მიწას, როგორ იტაცებენ ოკუპანეტები მათ ძმებს, აწამებენ, კლავენ და მერე გულამოცლილს აბურნებენ მშობლიურ მიწაზე,“.

გიორგი გაბუნია თავის სიტყვაში ასევე აკრიტიკებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც “დუმილით ხვდებიან დუმილით ხვდებიან ჩვენი მტერის შემოსვლას, თვითონაც ეპატიჟებიან მას“.

“დიახ მე ვაგინე, ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს და არ ვნანობ ამას. ძლივს ვიკავებ თავს, რომ ახლაც არ მინდა იგივე გავიმეორო. იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო მონა ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, იმიტომ, რომ არ მინდა მეშინოდეს, იმიტომ, რომ არ ვპატიობ რუსეთს იმას, რომ საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდა ჩემს ქვეყანას და ამას დღესაც აგრძელებს და ამაში მას ჩემი ხელისუფლება ეხმარება. ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში სადაც ოკუპანტს თავზე დამასვამენ და როდესაც ამას გავაპროტესტებ – თვალებს დამთხრიან.

იმიტომ, რომ არ მინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩემს მეგობარს გაიტაცებენ და შემდეგ მკვდარსა და გამოშიგნულს დამიტოვებენ. იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს ქვეყანას მართავდეს ხალხი, რომელსაც საკუთარი მოქალაქის სიტყვით დაცვის უნარიც კი არ აქვს. მე, რააც არ უნდა გამეკეთებინა, როგორ ცუდადაც არ უნდა მოვქცეულიყავი, მე ხომ მაინც საქართველოს მოქალაქე ვარ და როდესაც კადიროვი პირდაპირ მოკვლით დამემუქრა, ჩემს მშიშარა ხელისუფლებას სიტყვაც კი არ დაუძრავს თავისი მოქალაქის დასაცავად. საერთოდ, რომ გადაეცათ ჩემი თავი რუსეთისთვის, ეგეც არ გამიკვირდებოდა,“ – ამბობს გაბუნია.


გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა 7 ივლისს რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ამ ეპიზოდს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გაბუნიას ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს სპეციალური განცხადებით დაგმო, თუმცა თავის მხრივ, ეს განცხადებაც მკაცრად გააკტირიკეს.

საბოლოოდ, რ2-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით. ეს შეზღუდვა შეეხო ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებდა ან/და მიჰყავდა. იგი ჯერ არ იყო სამსახურში დაბრუნებული, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ რ2-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რის შემდეგაც არხის მენეჯმენტი შეიცვალა. 20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ახალი მენეჯმენტი გაბუნიას სხვა ჟურნალისტებთან ერთად გათავისუფლებას უპირებს.

 

არავინ იცოდა რომ ამას ვაპირებდი, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ — გაბუნია პუტინის გინებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი