სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა შესრულებული არ არის – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2017 წელს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ორგანიზაციის აუდიტების შედეგად, სისტემატურად ვლინდებოდა ავტოპარკთან დაკავშირებით გარკვეული სახის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც წლების განმავლობაში ვერ ხდებოდა.

სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის და ხარჯების შემცირების მიზნით, 2014 წლის 6 თებერვალს გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და
სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, შეესწავლა მთავრობის ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხები.

შემოწმება ჩატარდა შემდეგ უწყებებში: შსს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ასევე, აუდიტის ობიექტებია ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი
ორგანიზაციები, რომელთა საერთო რაოდენობამ, ჯამში 34 შეადგინა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი მიგნებები და ნაკლოვანებები:

  • ოპტიმიზაციის გეგმები არ არის დამტკიცებული

2014 წელს სახელმწიფო უწყებებს დაევალათ ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმების შედგენა და სახელმწიფო კომისიისთვის წარდგენა, რაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც არ არის დამტკიცებული. შედეგად, სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაცია მიღწეული არ არის.

  • ავტომობილები ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად არ არის კლასიფიცირებული

შესწავლილი 4 052 ერთეული ავტომობილიდან, 1 879-ს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
სარგებლობის ფორმებიდან (განპიროვნებული, სამორიგეო, ოპერატიული, სპეციალური დანიშნულების) კლასიფიკაციის არც ერთი ფორმა არ აქვს მინიჭებული.

  • დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ავტომობილების რიცხოვნობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თითოეული დაწესებულებისთვის განისაზღვრა განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და სამორიგეო ავტომობილების ზღვრული ოდენობები, შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში −1 (ერთი) სამორიგეო ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე − დამატებით 1 (ერთი) ავტომობილი. შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 14-ში ავტომობილების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულს 401 ერთეულით აღემატება, რითაც არ არის გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მოთხოვნები. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დადგენილზე მეტი რაოდენობის და არაკლასიფიცირებული ავტოპარკი იძლევა შესაძლებლობას, რომ სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობდეს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობრივად არ ეკუთვნის სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობა.

  • ავტომობილების შესყიდვისას ტექნიკური მოთხოვნების დაუცველობა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ავტომობილები კლასიფიცირდება ოთხ კატეგორიად და სპეციალიზებული კლასის ავტომობილებად. დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ შეძენილი 274 ავტომობილიდან, მთავრობის დადგენილების მოთხოვნების დაცვით შესყიდულია მხოლოდ 59 ერთეული, ხოლო 5 (ხუთი) ორგანიზაციის მიერ შესყიდული 215 ავტომობილიდან 23 ერთეული შეძენილია მხოლოდ ავტომობილის ღირებულებით, ნაცვლად ზღვრული ფლობის ღირებულების გათვალისწინებისა,6 ხოლო 192 ერთეული სპეციალიზებული ავტომობილი (მათ შორის 96 ერთეული საგამოცდო, ხოლო დანარჩენი 96 დაცვის პოლიციის სპეციალიზებული), შეძენილია სამთავრობო კომისიასთან შეუთანხმებლად.

  • დადგენილება არ იძლევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვის შესაძლებლობას
  • დადგენილება ავტომობილების შეძენამდე არ ითვალისწინებს ხარჯეფექტურობის ანალიზს
  • სამორიგეო ავტომობილების განკარგვისას გამოვლენილი ნაკლოვანებები

მთავრობის დადგენილებით, სამორიგეო ავტომობილი − ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე“. შესწავლილი 34 უწყებიდან 1-ში – სრულყოფილად, 1-ში – ნაწილობრივ, ხოლო 32-ში არ ხდება
სამორიგეო ავტომობილების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი, რაც სამორიგეო ავტომობილის არადანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

  • საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

აუდიტის შედეგად ავტომობილების მიერ მოხმარებულ საწვავთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ:

  1. აუდიტით შესწავლილი 34 ორგანიზაციების მიერ, საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წინაპიროებები არ არის ჩამოყალიბებული;
  2. შერჩეული 8 ორგანიზაციის 33 ავტომობილიდან, განხორციელდა 17 ერთეული ავტომობილის
    შემოწმება საწვავის ავზის ზუსტი ტევადობის დასადგენად, საიდანაც 8 შემთხვევაში
    დადასტურდა აგაის მონაცემებით დაფიქსირებული ოდენობის საწვავის ჩასხმის შესაძლებლობა, 9 შემთხვევაში ვერ დადასტურდა, ხოლო 16 ავტომობილი არ გამოცხადდა შესამოწმებლად;
  3. 12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული
    ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა
    ავტომობილების ექსპლოატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუტურული ერთეულები)
    მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა
    აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი
    შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის
    გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა
    სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს;
  4. შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის
    შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის
    განსაზღვრის კრიტერიუმები; ზემოთ აღწერილი საკითხებიდან გამომდინარე, შესწავლილ ობიექტებში ავტოპარკის საწავავით გამართვასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის მექანიზმები სუსტია და ასევე დახვეწას საჭიროებს აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი ნორმებიც. შესაბამისად, არსებობს საწვავის
    არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.