ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალებმა ბორდერიზაციის აღმნიშვნელი ატრიბუტები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსეს. ამავე პერიოდში, ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს ქართულმა მხარემ საობსერვაციო პოსტი ააგო.
ორგანიზაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალებმა ბანერები და დროშები განალაგეს ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. ერთ-ერთი დროშა 1 კილომეტრით შიგნით დაამონტაჟეს.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ 20-24 აგვისტოს ფარგლებში საქართველოს მხარემ ააშენა საობსერვაციო პოსტი, რომელიც 240 მეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც, ტრადიციულად, მიჩნეული იყო, რომ გადიოდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი.
მისია ასევე ადასტურებს, რომ იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები იმავე ტერიტორიაზე. ეს ნიშნები მოიცავს მწვანე ბანერებსა და დროშებს. ვადასტურებთ, რომ ეს დროშები განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველო და რომელიც აქამდე იყო მიჩნეული წნელისის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზად.
ერთ-ერთი დროშა განთავსებულია 1 კილომეტრით შიგნით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება”, – ამბობს სადამკვირვებლო მისია.
მისიის პრესსამსახურის თანახმად, დღეს, 13 სექტემბერს, ერგნეთში მხარეებს შორის მეოთხე ტექნიკური შეხვედრა შედგა.
“დღეს ჩატარდა მეოთხე შეხვედრა. შეხვედრის ყველა მონაწილემ თავისი მზადყოფნა გამოთქვა, მშვიდობიან ფარგლებში განეხილათ საკითხები, რომლებიც იყო ღია და გადაუწყვეტელი დარჩა”, – ამბობენ უწყებაში.
მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად მისიის ცხელი ხაზი ამ დრომდე მუშაობს.