ახალი ამბები

მელია ტელევიზიებში სტუმრობას კვლავაც აპირებს

13 სექტემბერი, 2019 •
მელია ტელევიზიებში სტუმრობას კვლავაც აპირებს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ სატალევიზიო ეთერებში მონაწილეობას და ტელევიზიებში სტუმრობას კვლავაც აპირებს. ამის შესახებ მან პროკურატუაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

“მე ვუთხარი პროკურატურას, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, იქ გადავადგილდები. იმიტომ კი არა, რომ ეს ჩემი ახირებული ნება-სურვილია, ამის უფლება მაქვს… მეტიც, კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება მაქვს, დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს და იგი ვალდებულია ამომრჩეველსაც შეხვდეს სკვერში, პარკში, ღონისძიებას დაესწროს, პარლამენტში მივიდეს და ა.შ.”, – ამბობს ნიკა მელია.

მელია ამბობს, რომ როცა რომელიმე გადაცემაში დაპატიჟებენ სტუმრად, აუცილებლად მივა, პროკურატურას კი ორი არჩევანი აქვს: შეეგუოს ამას ან დააკავოს ამის გამო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 10 სექტემბერს ნიკა მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

“აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, პირველი მომართვისთანავე, ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი