ახალი ამბები

“არასწორი და უდროო” – უგულავა არ ეთანხმება სააკაშვილის განცხადებებს ხაზარაძეზე

13 სექტემბერი, 2019 • 1416
“არასწორი და უდროო” – უგულავა  არ ეთანხმება სააკაშვილის განცხადებებს ხაზარაძეზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აკრიტიკებს. “მთავარ არხზე” ნიკა გვარამიას გადაცემაში სტუმრობისას მან კვლავ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოპოზიციის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე და პროცესში ხაზარაძის შესაძლო როლს გაუსვა ხაზი.

“ამ თვალსაზრისით [ხაზარაძემ] კარგი ფუნქციაც შეიძლება შეასრულოს. მე რამდენადაც მას ვიცნობ, არის კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანი და კონსერვატიული შეხედულებების ადამიანი, ოღონდ დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ჩვენ ძალიან გვჭირდება იმიტომ, რომ კონსერვატიზმი ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია…”, – აღნიშნა უგულავამ.

ნიკა გვარამიამ საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაიხსენა და უგულავას ჰკითხა: “რას ნიშნავს კონსერვატიზმი, რასაც სააკაშვილმა უწოდა კრიალოსნიანი ბიჭები?” საპასუხოდ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა თქვა:

“ვთვლი, რომ არასწორი და უდროო [იყო], არ იყო სწორი განცხადება”.

“საქმე არის მარტივი: იქნება ბევრი პარტია. კი ბატონო, ერთმანეთში იქნება კონკურენცია. არ უნდა მოხდეს იქამდე, რომ ხელის ჩამორთმევა გაგიჭირდეს ადამიანთან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გაერთიანებაზე. ამდენი პარტიის ერთ სიაში გაერთიანება არასდროს მოხდება. არც საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, არც ჩვენ უნდა დავისახოთ მიზნად. ერთადერთი, რაც შეიძლება, გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირველს ნაბიჯს დგამენ. პირველივე ნაბიჯის გადადგმისას არ უნდა ესროლო კოჭების ტყვია. ამიტომ ვამბობ, რომ არ იყო სწორი მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ნამდვილად არ იყო სწორი და არც საქმისთვის არ არის კარგი”.

უგულავამ კვლავ გაიმეორა, რომ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის კონსოლიდაციის მთავარი წინაპირობა უნდა იყოს პარტიების უარი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნაზე არჩევნების შემდეგ.


12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას უკრაინიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მან ღონისძიებას “კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება” უწოდა, ხოლო თავად ხაზარაძეს- მევახშე. საპასუხოდ, ხაზარაძემ ყოფილ პრეზინეტს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი ლექსიკა შეცვალოს.

მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, ახლა უფრო წვრილები უნდა დაემატოს – სააკაშვილი ხაზარაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი