საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში სწორედ ხაზარაძის დახმარებით მოვიდა. სააკაშვილის მტკიცებითვე, ანაკლიაში პორტი სახელმწიფოს ფულით უნდა აშენებულიყო, მეტიც, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს უკვე 2013 წელს ექნებოდა.
ყოფილი პრეზიდენტის თანახმად, პორტის მშენებლობა ხაზარაძემ და ივანიშვილმა ერთად შეაჩერეს, შემდეგ კი მან ინვესტორის სტატუსით ეს პროექტი ხელში ჩაიგდო. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლა ხაზარაძემ და ივანიშვილმა წილები ვერ გაიყვეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში/ლაზიკაში. ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ თურმე 30 წელი ერთ წრეზე დავდივართ და [ეს წრე] უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა, თეთრ ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა ბიჭებმა უნდა გაარღვიონ წრე. მან უკვე გაარღვია ეს წრე.
ანაკლიის, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი და ზურაბიშვილი… რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან?! ამ პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშშზე. 2013 წლის ბოლოს ეს პორტი უკვე იქნებოდა დამთავრებული და ის იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება. არა ოლიგარქის, ბარიგის ან მევახშის საკუთრება, არამედ ქართველი ხალხის საკუთრება. შემდეგ ივანიშვილი ხაზარაძეს მოელაპარაკა, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა, ერთად მიითვისეს ეს პორტი და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და მის ჯიბეზე უნდა იმუშაოს. მაშინ აქ ქართველი ხალხი რა შუაშია?! ქართველი ხალხისთვის ეს პორტი უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა აშენებული, რომ არა ხაზარაძე. შემდეგ ერთმანეთთან ვერ მოილაპარაკეს. ამან [ხაზარაძემ] ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა თავში მოადო. ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები უნდა დაემატოს?!”-აცხადებს სააკაშვილი.