ახალი ამბები

არ შექმნათ კოალიცია “ოცნებასთან” არჩევნების შემდეგ – “ევროპული საქართველოს” მოწოდება ოპოზიციას

13 სექტემბერი, 2019 • 1683
არ შექმნათ კოალიცია “ოცნებასთან” არჩევნების შემდეგ – “ევროპული საქართველოს” მოწოდება ოპოზიციას

“ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევიდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გამართეს.

უგულავას თქმით, პარტიების უარი, დააკომპლექტონ მთავრობა “ოცნებასთან” ერთად,  არსებული ხელისუფლების შეცვლის “ფუნდამენტია”.

“ჩვენი საზოგადოების მთავარი შეკითხვა, მოწოდება და მოთხოვნა არის ცვლილებები. ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან ისე, რომ არ დადგეს ქვეყანაში ქაოსი.

ამ მიზნით გვინდა, ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ ინიციატივა: წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ოცნებას არ შეუქმნით მთავრობას; რომ არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაში; მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არჩევნების შემდეგ არ შევალთ კოალიციაში.

ეს არის და ეს იქნება, ჩვენი აზრით, სწორედ ის ფუნდამენტი, რომლითაც ჩვენ მივაღწევთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მშვიდობიანად და ამავე დროს, პარტიული მრავალფეროვნების ფარგლებში შევძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიყვანოთ არჩევნებზე იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება”, – აღნიშნა მან.

გიგი უგულავას თქმით, “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად ხმათა ნახევარს ვერ მიიღებს და მთავრობის შექმნას ვერ შეძლებს.

დაპირება, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა გაახმიანა. აღნიშნულს წინ უძღოდა  შეხვედრა როგორც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთან, ისე – საპარლამენტო უმრავლესობასთან. პროპორციული არჩევნები პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი