სამინისტროს ინფორმაციით, რიგითები- სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
საქართველოს გენერალურმა კონსულმა აშშ-ში დიანა ჟღენტმა “რუსთავის 2”-ს განუცხადა, რომ ავტოავარია უამინდობამ გამოიწვია. მისი თქმით, კურსანტების გადმოსვენების პროცესი დაწყებულია.
კურსანტების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.








