მსვლელობა თბილისში, 8 მარტს, სამ საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე, სადაც “ქალთა მოძრაობის” წევრები წარმოგიდგენთ, თუ როგორ ხედავენ ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას.
რვა მარტის აქცია სრულდება გუდიაშვილის სკვერში, სადაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მიერ შექმნილი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დღეს ქართულ პოლიტიკას ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები აკლია, ხოლო პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ აძლევს მათ საშუალებას სრულად გამოავლინონ პოტენციალი.
“ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და, შესაბამისად, არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით.
ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული,” აღნიშნულია განცხადებაში.
აქცია დღეს, 15 საათზე თბილისის გარდა კიდევ 24 ქალაქში გაიმართება:
1 ზუგდიდი/კინოთეატრი ატრიუმი
2 ოზურგეთი/ოზურგეთის თეატრი
3 ახალციხე/ცენტრალური სკვერი
4 წყალტუბო/კულტურის სახლი
5 ბოლნისი/კულტურის სახლი
6 ბათუმი/ერას მოედანი
7 ნინოწმინდა/კულტურის ცენტრი
8 ახალქალაქი/ცენტრალური პარკი
9 გარდაბანი/ბაზრის ცენტრალური მოედანი
10 დმანისი/მთავარი სკვერი
11 გორი/თეატრის შენობის წინ
12 ქუთაისი/მესხიშვილის თეატრი
13 თელავი/თელავის თეატრი
14 მარნეული/კულტურის სახლი
16 რუსთავი/ მერიის შენობის წინ
17 ქობულეთი/გამგეობის წინ
18 სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი
19 გურჯაანი/პაპას ბაღი, იუსტიციის სახლთან
20 ბორჯომი/რუსთაველის მოედანი
21 ხაშური: დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი
22 საგარეჯო/კულტურის სახლის წინ
23 მცხეთა/სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია(მთავარ შესასვლელთან)
24.სოფ. დუისი-საზოგადოებრივი ცენტრი (პანკისის ხეობა)