ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრებმა სავალუტო რყევების ზეგავლენაზე ისაუბრეს

6 მარტი, 2015 •
ეკონომიკის მინისტრებმა სავალუტო რყევების ზეგავლენაზე ისაუბრეს

  

 

მინისტრები შეეხნენ დოლარის კურსის მატების თემასაც და აღნიშნეს, რომ დოლარის კურსმა მოიმატა არა მარტო ქართულ ლართან, არამედ თურქულ ლირასა და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაშიც.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციას:

“პირდაპირი წამალი ამ დევალვაციის წინააღმდეგ არის, რომ გაიზარდოს საინვესტიციო და სავაჭრო აქტივობა. სწორედ ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები, ყველაზე კარგად უმკლავდებიან სავალუტო კრიზისებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი გზა ამ სავალუტო რყევის პირობებში ჩვენს 3 ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაა” – თქვა მან.

 

თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა და მალე ეს მაჩვენებელი კიდევ ამდენივეთი გაიზრდება.

 

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა აღნიშნა, რომ ეს პროცესები გარკვეულწილად აისახება სამივე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი პროექტების იმპლემენტაციაზე ქვეყნებს პრობლემები არ შეექმნებათ – “ჩვენ არ შეგვექმნება პრობლემები ისეთი მოცულობითი პროექტების განხორციელებაში, როგორიც “ბაქო-თბილისის ყარსი” და სხვაა. ისინი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილია.

 

„ჩვენი მთავრობების მხრიდან არ შეწყდება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა. პირიქით, ჩვენ ველოდებით ზრდას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს ტურიზმი, ვაჭრობა თუ სხვა. აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკები მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და რაღაც სახით ხდება მათზე ზეგავლენა ზოგადი ტენდენციით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ნეგატიური ზეგავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაციისთვის”- განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი