ახალი ამბები

სახალხო დამცველი: პატიმარი ამბობს, რომ სიგარეტით მას დაზიანებები მიაყენეს

6 მარტი, 2015 •
სახალხო დამცველი: პატიმარი ამბობს, რომ სიგარეტით მას დაზიანებები მიაყენეს

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულის განმარტებით, 2015 წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩაიყვანეს ადმინისტრაციული კორპუსის საკარანტინო განყოფილებაში, სადაც გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, შემდეგ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ შეამოწმეს, რის შემდეგაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომელებმა მას მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე ანთებული სიგარეტით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და თან დასცინოდნენ.


საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, მისი რწმუნებულების მიერ მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში მონახულებისას ო. გ–ს ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე ოვალური ფორმის დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.


საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ო.გ.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; და ასევე, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების ამოღება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი