ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ – ჩუგოშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

“დღის ბოლოს პირველად მოვიცალე Facebook-ში შემოსახედად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება, ოკუპაციას რომ ებრძვის. ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, იქით მიმართეთ ენერგია. თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ”, – წერს ჩუგოშვილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების საპასუხოდ დღეს თქვა, რომ “ჩვენთვის მისაღებია,  საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში”.

ჩუგოშვილის ეს განცხადება კრიტიკის საგანი გახდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომლის აზრითაც, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსულ პროპაგანდას აჰყვა მაშინ, როდესაც კარგად უნდა ესმოდეს, რომ მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის წინადადება ამ ტერიტორიებზე უარის თქმას არანაირად არ ნიშნავს.

ამავე თემაზე:

ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გახდეს – ჩუგოშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.