ახალი ამბები

პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე რ2-ში იმუშავებს

11 სექტემბერი, 2019 • 1718
პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე რ2-ში იმუშავებს

რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე რ2-ში იმუშავებს. სალია ნეტგაზეთთან  დეტალების შესახებ არ საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოება ყველაფერს რ2-ის ეთერიდან შეიტყობს ძალიან მალე.

როგორც ცნობილია, სალიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რ2-ს ირაკლი იმნაიშვილი შეუერთდა, ის ტელეკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა და  როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი გადაცემების ნაწილს უხელმძღვანელებს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ხომ არ იქნებოდა რაიმე ტიპის გადაკვეთა იმნაიშვილის თანამდებობასა და ნინო შუბლაძის პოზიციას შორის ტელეკომპანიაში, სალია ამბობს, რომ არა.

“ირაკლიც არხზე იქნება და ნინოც იქნება არხზე, ყველას ჩვენ ჩვენი ფუნქცია გვექნება, რომ გავაკეთოთ მაღალი ხარსხის პროდუქტი”, – აცხადებს სალია.

ნინო შუბლაძემ აგვისტოს ბოლოს დაადასტურა, რომ რ2-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება – არა. დღეს ნეტგაზეთმა ნინო შუბლაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ეთერში კურიერის გაშვება 23 სექტემბერს იგეგმება. სალია ამბობს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება მათი ეთერიდან გაიგებს.

“ჩვენი ეთერით  გვინდა, რომ ვაცნობოთ მაყურებელს, თუმცა ეს მოხდება ძალიან მალე”, – ამბობს სალია.

საინფორმაციო სამსახურის წინა უფროსი, ნოდარ მელაძე, რ2-ის ახალმა მენეჯმენტმა აგვისტოში დაითხოვა სამსახურიდან. ამ ნაბიჯს მოჰყვა ათეულობით ჟურნალისტის მიერ არხის დატოვება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა. მათი ნაწილი გადავიდა ნიკა გვარამიას მიერ ახლადდაარსებულ „მთავარ არხზე“.

რ2-ზე საკადრო ცვლილებები – ახალი მენეჯმენტის მიერ გაბუნიას, მელაძის, ჟორჟოლიანისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი