ახალი ამბები

ილია II საპატრიარქოს ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს

11 სექტემბერი, 2019 • 2367
ილია II საპატრიარქოს ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაავალა, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნონ.

ბრძანება, რომელიც ილია II-მ 10 სექტემბერს გასცა, საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ილია II-უს ბრძანება

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა პირველი სექტემბრიდან ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა (რადგან 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე).

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუმცა ეს იმ პირობით, თუ შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა აქვს გავლილი.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, ვალდებულია, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების, სულ მცირე, ერთი სპეციალისტი.

100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი