ახალი ამბები

ბოლო 8 თვეში საქართველოში წითელათი 3910 დაავადდა, აქედან 2 გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2019 • 918
ბოლო 8 თვეში საქართველოში წითელათი 3910 დაავადდა, აქედან 2 გარდაიცვალა

2019 წლის პირველი იანვრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 2 დასრულდა პაციენტის გარდაცვალებით. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და ამბობს, რომ წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია.

NCDC ამბობს, რომ 2019 წელს წითელა მსოფლიოში უჩვეულოდ ფართოდ გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა 2017-2018 წლებში დაავადების გავრცელების პროცესი. ცენტრი ამბობს, რომ 2019 წლის პირველ 6 თვეში ევროპაში წითელას 89 994 შემთხვევა დაფიქსირდა, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში გამოვლინდა წითელას 3 874 შემთხვევა, 6 სექტემბრის მდგომარეობით კი, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 3 910 პაციენტს აღწევს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ლეტალურად დასრულდა. რაც შეეხება მიზეზებს, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის  1990-იან წლებში სუსტი, ხოლო 2008 წელს არაეფექტური იმუნიზაციის პროგრამები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სამიზნე კონტიგენტის მხოლოდ 50% აიცრა.

“არაიმუნური ფენა ძირითადად დაგროვილია 20-40 წლის მოსახლეობაში, რომელიც გახდა კიდეც წითელათი დაავადების გავრცელების სამიზნე,“ – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.

“ყოველივე ამან განაპირობა 2013-2015 წლების შემდეგი დიდი აფეთქება, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. აფეთქების კუპირების [აღკვეთის] მიზნით, ვაქცინის დამატებითი დოზა მიეწოდა 200 000 არასრულად აცრილ, არავაქცინირებულ და უცნობი სტატუსის მქონე მოქალაქეს. პარალელურად ტარდებოდა ვაქცინაცია 1 და 5 წლის ასაკში. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა წითელას გავრცელების შეკავება და 2016 წლისათვის შემთხვევათა რიცხვი ერთეულებამდე დავიდა (სულ 14),“ – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ცენტრისთვის ყურადსაღებია ვაქცინაციით არასათანადო მოცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისსა და ქუთაისში. NCDC ამბობს, რომ 2017 წლის ბოლოდან კვლავ დაიწყო წითელას გავრცელების ინტენსივობის მატება, ისევ დაიწყო ეპიდაფეთქებები ჯერ გურიაში, შემდეგ კი- აჭარაში. 2018 წლიდან კი დაიწყო წითელას შემთხვევების საყოველთაო გავრცელება, მოიცვა მთელი საქართველო და მხოლოდ 2019 წლის მე-6 თვისთვის გადავიდა დაღმავალ ფაზაში.

მხოლოდ 2019 წელს საქართველოში წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი (47%-ზე მეტი) 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა, რომელიც ყველაზე აქტიურია ცხოვრების ნირით. შესაბამისად, სწორედ ეს ასაკი გახდა, ერთი მხრივ, დაავადების სამიზნე, მეორე მხრივ კი, მისი გავრცელების წყარო, რომელთაგანაც ავადდებიან მცირე ასაკის ბავშვები. წლამდე ასაკში ავადობის მაჩვენებელი კი 8-ჯერ აღემატება ზოგად მაჩვენებელს. 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც წლიურად, საშუალოდ, 53-55 ათასიანიანი კოჰორტაა და არც აცრას ექვემდებარება – არა მარტო არაიმუნური, არამედ ყველაზე მოწყვლადიც არის წითელათი დაავადებისას და მისი შემდგომი გართულებების თვალსაზრისით.

ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს:

  • ნებისმიერი ასაკის ადამიანის უფასო ვაქცინაციას წითელას წინააღმდეგ უზრუნველყოფს სახელმწიფო.
  • თუ ხართ 1978 წლის შემდგომ დაბადებული, დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად!
  • ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი და აცერით აცრაგამორჩენილი ბავშვები!
  • ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო – სააღმზრდელო, პენიტენციურ, თავდაცვის, უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში დასაქმებული 1978 წლის შემდგომ დაბადებული მოქალაქე – სავალდებულოდ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით!

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა.

WHO-მ ვაქცინაზე უარის თქმა მსოფლიო ჯანდაცვის 10 გამოწვევას შორის დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი