ახალი ამბები

გამოკითხვაზე ხაზარაძემ დაასახელა ის ბიზნესმენები, რომლებსაც მუქარის წერილზე ესაუბრა – ადვოკატი

11 სექტემბერი, 2019 • 970
გამოკითხვაზე ხაზარაძემ დაასახელა ის ბიზნესმენები, რომლებსაც მუქარის წერილზე ესაუბრა – ადვოკატი

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატი ზვიად კორძაზე აცხადებს, რომ მიღებულ მუქარის წერილზე [ხაზარაძის თქმით, გახარიასგან გაგზავნილზე] მამუკა ხაზარაძემ არაერთ ბიზნესმენთან ისაუბრა მისი მიღებისთანავე და, რაც მთავარია, მათი ვინაობა სასამართლოზე გამოკითხვის დროს დაასახელა.

მეტიც, კორძაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ ე.წ მუქარის წერილზე გამოძიების დაწყებაზე უარი ისე თქვა, რომ ეს ადამიანები არ გამოკითხა.

დღეს, 11 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატმა ისიც თქვა, რომ წერილის ეპიზოდზე ხაზარაძის გამოკითხვა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდების ფარგლებში მოხდა, თუმცა ადვოკატებისთვის უკვე გადაცემულ საქმის მასალებში დაკითხვის ეს ოქმი არ არის. ადვოკატის თქმითვე,  ეს წერილი ხაზარაძეს ოფისში მიუტანეს. სხვა გარემოებებზე მას არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ პროკურატურას დეტალური ინფორმაცია აქვს, რა ვითარებაში, რა დროს და ა.შ. მოხდა წერილის გადაცემა.

“მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ ამ წერილის შესახებ განაცხადა, პროკურატურამ გამოკითხვაზე დაგვიბარა. მაშინ სასამართლოში ვიკითხე, თუ რა საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით. განცხადება გაკეთდა წერილისა და მუქარის თაობაზე, შესაბამისად, საქმე უნდა აღძრულიყო ცალკე. [პროკურორმა] განგვიმარტა, რომ მოქმედი საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით. მაგრამ მეორე უცნაურობა ის იყო, რომ როცა საქმის მასალები გადმოგვეცა, ეს გამოკითხვა იქ არ იყო.

ამავე დროს მინდა გითხართ, რომ როდესაც ხაზარაძე გამოიკითხა, მან დაასახელა ის ადამიანები, რომლებსაც იმ საღამოსვე გაუზიარა ამ წერილის არსებობს შესახებ ინფორმაცია. ასევე დაასახელა ბიზნესმები, რომლებთანაც  ჰქონდა საუბარი. დაასახელა ბიზნესმენებთან შეხვედრა, სადაც ამ საკითხზე ისაუბრა. გამოკითხვის დროს მან თქვა ამ ადამიანების გვარები, თუმცა პროკურატურას ისინი არ გამოუკითხავს”, – აცხადებს კორძაძე.

ნეტგაზეთი პროკურატურას დაუკავშირდა. ჩვენ ვკითხეთ, რატომ არ დაიკითხნენ ეს ადამიანები, თუ მამუკა ხაზარაძემ  მათ შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მართლაც მიაწოდა. პროკურატურისგან მიღებულ პასუხში მხოლოდ იმის შესახებაა საუბარი, რომ ხაზარაძემ გამოძიებას წერილის ორიგინალი არ წარუდგინა, ასევე არ დაასახელა შუამავალი პირი.

“ამ დრომდე გამოძიება ე.წ. წერილთან დაკავშირებით არარელევანტურია, ვინაიდან ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს:

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”.

გიორგი გახარია ბრალდებას უარყოფს. “პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის,” – აცხადებდა გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი