მემორანდუმს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ და IFC-ის წარმომადგენელმა საქართველოში, თეა გიგიბერიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებ-პორტალის (tbcbusiness.ge) ხელმისაწვდომობას.
tbcbusiness.ge-ს ფარგლებში, სპეციალურად მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის შექმნილია აპლიკაცია -„თიბისი ბიზნეს აკადემია“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის და დამწყებ ბიზნესმენებს მისცემს საშუალებას, საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა ვირტუალურ რეჟიმში შეიძინონ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნესგეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, „თიბისი ბიზნეს აკადემია“ აძლევს აპლიკანტებს საშუალებას, სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ სერტიფიკატი.
საგანმანათლებლო ბიზნეს-ვებპორტალი (tbcbusiness.ge) IFC- ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მასში თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში ეხმარება.
ამ პორტალის ამოქმედება საქართველოში IFC-ის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. IFC-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტი 2013 წლიდან ამოქმედდა და შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტის – მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში შედგება: რეგიონებში მცხოვრები პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი ბიზნესის წამოწყებით, ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან“ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ.