ახალი ამბები

არც ინაშვილის გამოხატვის ფორმა მომეწონა და არც მის მიმართ დამოკიდებულება — მდინარაძე

10 სექტემბერი, 2019 •
არც ინაშვილის გამოხატვის ფორმა მომეწონა და არც მის მიმართ დამოკიდებულება — მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ მოეწონა ირმა ინაშვილის „გამოხატვის ფორმა“, მაგრამ- არც ირმა ინაშვილის მიმართ დამოკიდებულება. მან ეს აზრი სექსისტური ფრაზით გამოხატა და თქვა, რომ არ მოეწონა „დამოკიდებულება ქალისა და დეპუტატის მიმართ“. ინაშვილი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწრეს, დევიდ კრამერს დაუპირისპირდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი 10 სექტემბერს ჩხუბით მივიდა სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ქართველ პოლიტიკოსებთან და სპეციალისტებთან ერთად მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატები იმყოფებოდნენ, და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.

ინაშვილს თან ახლდა ახალგაზრდა კაცი „ობიექტივის“ მიკროფონით, რომელმაც ამ არხის ჟურნალისტად წარადგინა თავი. აურზაური მათი გამოჩენიდან მალევე დაიწყო.

როცა ისინი კონფერენციის მთავარ დარბაზში შევიდნენ, იქ პანელური დისკუსია მიმდინარეობდა. ინაშვილის მისვლის შემდეგ მის სიახლოვეს ბევრმა ჟურნალისტმა და ოპერატორმა მოიყარა თავი, ისევე, როგორც კონფერენციის მაყურებლების ნაწილმა. კონფერენცია შეფერხდა. ორგანიზატორები ცდილობდნენ, სიტუაცია განემუხტათ და კონფერენცია ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ.

ინაშვილი, რომელიც კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არ იყო, აცხადებდა, რომ, როგორც საქართველოს მოქალაქესა და პარლამენტის ვიცესპიკერს, სრული უფლება ჰქონდა, კონფერენციას დასწრებოდა; ინაშვილი ამბობდა, რომ სურდა, წინა დღით მისი ოპონენტის, „ევროპული საქართველოს წევრის“, პარლამენტარი გიგა ბოკერიას ნათქვამისთვის პასუხი გაეცა. წინა დღით ბოკერიამ გააკრიტიკა „პატრიოტთა ალიანსი“ და მათ პრორუსული პარტია უწოდა.

რამდენიმე წუთში დევიდ კრამერმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, — რომელიც კონფერენციას უძღვებოდა — ინაშვილის, მის თანმხლებ პირსა და ოპერატორებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ. „საკმარისია. ნუღარ გააგრძელებთ. კამერებო, გარეთ, ყველანი გარეთ!“, — დაიძახა კრამერმა.

მან ირმა ინაშვილს ხმამაღლა მიმართა: „არ ვიცი, ვინ ბრძანდებით… ვინ ხართ?.. თქვენ ხელს უშლით კონფერენციას… თქვენ შეგიძლიათ, დაბრძანდეთ, მაგრამ ეს [არეულობა] არ მინდა“. ინაშვილმა ქართულ ენაზე უპასუხა: „ამდენი ტყუილის გამო პასუხს აგებ შენ“…

საბოლოოდ ირმა ინაშვილს მისცეს საშუალება, სიტყვით გამოსულიყო კონფერენციაზე. სიტყვით გამოსვლისას მან კრამერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებს მოგვიანებით კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ის [ინაშვილი], მისი პასუხისმგებლობა კი იყო, კონფერენცია დღის წესრიგს მიჰყოლოდა და გაგრძელებულიყო.

ინაშვილის თანმხლებმა პირმა ტერიტორია პოლიციის მოსვლის შემდეგ დატოვა.

მოგვიანებით მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ეს ამბები ასე შეაფასა: „ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა… ის ფორმა ჩემთვის არ იყო მისაღები… თუმცა აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, არც ის ფორმა მომეწონა, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, როგორი იყო დამოკიდებულება ქალისა და დეპუტატის მიმართ… ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვიცესპიკერი იქნება თუ არა. ქალისა და საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ“.

მდინარაძის ამ კომენტარს პირველი არხი და „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი