ნატალია მაჭარაშვილი 23 წლის ტრანსგენდერი ქალია. 14 წლის იყო, როცა გადაწყვიტა თავისი ნამდვილი იდენტობის შესაბამისად ჩაეცვა. ამ ფორმით სოფელში არ დაედგომებოდა, ამიტომ თბილისში გაემგზავრა, სადაც არსებობისთვის საჭირო ფულის საშოვნელად მალე სექსმუშაკი გახდა.
მისი ყოველდღიური ცხოვრება უამრავი საფრთხითა და დაბრკოლებითაა სავსე. როგორია, საქართველოში იყო ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფის წევრი, ხედავდე საზოგადოების სრულ გულგრილობას ტრანსგენდერი ქალების მკვლელობასა და ძალადობაზე? ნატა მაჭარაშვილი თავის ცხოვრებაზე, შიშებსა და სურვილებზე გვესაუბრა.
ქამინგაუთი
პატარაობიდანვე მეტყობოდა, რომ ბიჭები მომწონდა და არა გოგოები, მანერებიც ისეთი მქონდა, რომ ბავშვები სკოლაში სხვადასხვა სიტყვას მაძახებდნენ. არაჩვეულებრივი მასწავლებლები და დირექტორი მყავდა, კვირაში ოთხი დღე მაინც მის კაბინეტში ვიყავი, იბარებდნენ იმ ბავშვებს, უხსნიდნენ, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ისინიც ჩემხელები იყვნენ, არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ, რას იძახდნენ. ზოგიერთ კლასელთან კონტაქტი ახლაც მაქვს, ფეისბუქით მოვიკითხავ ხოლმე. გოგოებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მეზობლის ქალებთან, ბიცოლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. პატარაობიდანვე ძალიან თბილი ვიყავი, მიყვარდა ყველა და ალბათ გრძნობდნენ, ვინც ვიყავი, მანერები რომ არ მქონდა თავიდანვე, მისახვედრი რომ არ ყოფილიყო და მოულოდნელად მეთქვა ვინც ვარ, შეიძლება სხვა რეაქცია ჰქონოდათ.
ბებიასა და ბაბუას ადრე ფეხსაცმელების მაღაზია ჰქონიათ. მე რომ პატარა ვიყავი, ეს მაღაზია უკვე აღარ იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ფეხსაცმელი დარჩა და ვიცვამდი ხუთი ზომით დიდ ფეხსაცმელს, ფარდას შემოვიხვევდი და ვმღეროდი, ვითომ მსახიობი ვიყავი. წინ პატარა ბავშვებს დავაყენებდი, ვითომ მაყურებლები იყვნენ და ასე ვთამაშობდი… ბავშვობიდანვე მომწონდა თოჯინებით თამაში. კლასელებთან თამაშისას ყოველთვის გოგოს როლში ვიყავი. როცა წამოვიზარდეთ, სხვები განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ისეთებად, როგორებიც დაიბადნენ, მე როგორიც დავიბადე, ისე ვერ ჩამოვყალიბდი, განვვითარდი როგორც გოგო.
პატარა რომ ვიყავი, ბავშვური ჭკუით ვთქვი, რომ ბიჭი მიყვარდა. ერთთან ვთქვი, მაგრამ მთელ სოფელს მოედო. როცა ეს ამბავი გასკდა, ატყდა ერთი ამბავი, სკოლაში მოვიდა მისი დედა – „შენ ასეთო, შენ ისეთო“… ძალიან განვიცადე და აღარ დავდიოდი სკოლაში, სახლიდან რომ მიშვებდნენ, ჩანთას ვმალავდი და სხვაგან მივდიოდი. მერე სახლში ვბრუნდებოდი, მაგრამ მეშინოდა იმ ქალის, არ მოსულიყო და არ ვეცემე. როცა წამოვიზარდე, გავიაზრე, რომ ეს არ უნდა მეთქვა.
წარმოიდგინეთ, როგორი ამბავი ატყდებოდა, მერე ჩაწყნარდა, ბავშვია, შეეშალაო… რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მეტყობოდა ხმაზეც და მანერებზეც ჩემი იდენტობა. ემოციური ბავშვი ვიყავი, როცა რამეს მეტყოდნენ, სულ ვტიროდი, მაგრამ სხვების თვალწინ არა.
კარგი ბიძაშვილები მყავს, მამიდაშვილები, წელს დაამთავრეს სკოლა… არაჩვეულებრივი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზე. ერთს მთხოვენ, რომ ისეთი რამ არ გავაკეთო, რის გამოც მათ რაიმე ცუდს ეტყვიან… ტელევიზიებში გამოსვლა, მაგალითად, სოფელია მაინც… მამას თვითონ ვუთხარი, მივწერე – მამა, რაღაც უნდა გითხრა, მე ტრანსგენდერი ქალი ვარ… იქიდან იყო საშინელი სიტყვები, ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. იმ დღის მერე წლები გავიდა – მე და მამაჩემს კონტაქტი არ გვაქვს. ამ დროს მე თბილისში ვიყავი, 9 კლასის მერე წავედი. გული ამიცრუვდა სწავლაზე, მეგონა, რომ არ მიმიღებდნენ, სად უნდა მესწავლა, აღარც ბიჭის ტანსაცმლის ჩაცმა მინდოდა.
უკვე 9 წელია ტრანსგენდერი ვარ.
[blue_box]„გმირთა მოედანზე” 14 წლიდან[/blue_box]
თბილისში რომ ჩავედი, სულ 14 წლის ვიყავი და პირდაპირ “გმირთა მოედანზე” აღმოვჩნდი. სექსმუშაკობის გარდა სხვა გზა არ მქონდა, არც განათლება მქონდა. ბევრი დაბრკოლება გამოვიარე, იყო ლანძღვა, ფიზიკური შეხება, ხელიც მომტეხეს, დამჭრეს კიდეც, პოლიციაც ჩაერია, მაგრამ დღემდე არაფერია გამოძიებული.
პირველად რომ გავედი სამუშაოდ, სახეზეც ბავშვი ვიყავი, კარგი სახე მქონდა, მაგრამ საშინელ მაკიაჟს ვიკეთებდი, არ ვიცოდი მაკიაჟის კეთება, ბუხრიდან გამოსულს მეძახდნენ ტრანსი გოგოები. დაბრკოლებები იყო ტრანსგენდერი ქალებისგან, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ – ახალი ხარ და ვერ დაგაყენებთო. იყო ჩხუბი, გინება, ცემა, მაგრამ დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ალბათ, უნდა გამევლო ეს გზა, რომ მცოდნოდა, რა როგორ არის.
ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა – ნუკიმ მიმიკედლა, მას ავტორიტეტი ჰქონდა, პატივს სცემდნენ. მასთან სახლში ვიცხოვრე 2-3 წელი და ნელ-ნელა ჩემთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ სხვა გოგოებს. მერე ბინა ვიქირავე. ტრანსგოგოებს გვქონდა მიმოსვლა, თუ გაკეთდებოდა საჭმელი ოჯახში, ვურეკავდით ერთმანეთს და სადილზე ვიკრიბებოდით… ახლა მე აქეთ ვარ წამოსული, მაგრამ დაბადების დღეა თუ რაიმე ტრენინგი, ან სადმე მიდიან კახეთში… მირეკავენ, მაფრთხილებენ, რომ ერთი კვირით ადრე ჩავიდე. ყოველთვის ვცდილობ, რომ წავიდე – არ მინდა გარიყული ვიყო. შემიძლია მათთან ერთი-ორი კვირა დავრჩე, მათაც იციან, რომ თუ ბათუმისკენ დაურჩათ გზა, ღამის გასათევი აქვთ. აქაც მყავს ძალიან კარგი მეგობრები. ზოგადად ბათუმში არ არის იმდენი აგრესია, როგორც თბილისში. იქ ავლაბარში რომ იყო, დიღომიდან გაგინებს ადამიანი, რომ დაგინახოს. ეს ჩემთვის აღმოჩენა ქალაქია, სამი წლის მანძილზე აქ ჯერ კონფლიქტი არ მომსვლია, ბინაც ბევრჯერ მიქირავებია.
ნორმალური სამსახური, ეს არის პირველი პრობლემა ჩვენთვის – რაღაც უნარი რომ მქონდეს, მაგალითად, ძალიან მინდა კარგად ვფლობდე ინგლისურს… განათლების მიღებაც პრობლემაა, კურსებზე რომ ვიარო ორი-სამი კვირა და მერე ვიღაცამ რაღაცა თქვას, რაღაც მოხდეს და ეს ყველაფერი წყალში ჩამეყაროს, არ მინდა. ყველაზე ძალიან იმედგაცრუების მეშინია, გაბრაზებული ხარ – გადაგივლის, გულისტკენაც გადაგივლის, მაგრამ იმედგაცრუება არის ძალიან მძიმე. მომცენ სამსახური და ვერც ქალი მაჯობებს, ვერც კაცი, ჩემს საქმეს ზედმიწევნით გავაკეთებ.
მინდა, წავიდე ჩემს უსაყვარლეს გოგოებთან ბელგიაში, ისინი სწავლობენ, სკოლაში დადიან და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ძალიან მინდა ჩვენთანაც ასე იყოს, ერთი სკოლა მაინც რომ იყოს, სადაც შევძლებდით სწავლას, კვირაში ერთხელ მაინც რომ მივიდე, ან სამსახური რომ იყოს. სულ იქ დარჩენაც არ მინდა, მიყვარს საქართველო, ის ადგილები მიყვარს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მინდა, შემოვიარო ყველაფერი, ალბათ, არ მომბეზრდება.
[red_box]ჩემი ოჯახი[/red_box]
წელიწადნახევრის წინ მამიდებთან ვიყავი ჩასული, მამიდებიც იყვნენ ჩემთან სტუმრად. მაგრამ იმ ადგილებში, სადაც დავიბადე, სახლში, სადაც გავიზარდე, 8 წელია არ ვყოფილვარ. ბაბუა ჩემნაირი მძიმე ხასიათის მყავს, მაგრამ კარგი კაცია, ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ. მისი პირველი შვილიშვილი ვარ. ტელეფონზე ახლაც შემიძლია დავურეკო, მკაცრად მიპასუხებს – „რა არის, ბიჭო!”, რეაქცია არ მაქვს… მსიამოვნებს, როცა ჩემი მამიდები გოგოს მეძახიან. ვიცი, რომ ამას ჩემთვის აკეთებენ. სულერთია, რას დამიძახებენ, გრიშას, თამილას თუ ნატას. მთავარია, ჩემი ოჯახის წევრები არიან ჩემთან.
ბოლო 8 წელი ბაბუა არ მინახავს, ვტირი ხოლმე და ვურეკავ, მინდა ვნახო. მე თუ არ მინდა ადამიანი, ტელეფონზეც არ ვპასუხობ. მე მპასუხობს ბაბუა, ველაპარაკები, მაგრამ რომ ჩავიდე, არ უნდა, რას იტყვიან მეზობლებიო. ბებიას სასაფლაოზე ვიყავი ჩუმად ჩასული, მაღაზიაშიც ვიყავი შესული სახლთან ახლოს, ბაბუა არ იყო სახლში. ბებია იყო ჩემთვის ყველაფერი. გარდაიცვალა იქამდე, სანამ მე გადავწყვეტდი ამ ცხოვრებას. ძალიან განვიცადე, ეს უდიდესი ტკივილია ჩემს ცხოვრებაში.
მამა ქუჩაში რომ შემხვდეს, შეიძლება ვერც ვიცნო, წლებია კონტაქტი არ გვაქვს. დროც ცოტა მაქვს გატარებული მამასთან და დედასთან, მამიდებთან ვიზრდებოდი.
ახლა მყავს ძალიან კარგი ადამიანი, მეორე წელი გვისრულდება ერთად, მისმა ოჯახმაც იცის ჩემ შესახებ. ცხადია, თავიდან ყველას ცუდი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ვცდილობ… ჩემს მამიდებთანაც იყო ჩასული, ჩვეულებრივად მიიღეს. მესიამოვნა, რომ ჩემებმა, მამიდებმა, ბიძებმა, მამიდაშვილებმა, მიიღეს და ისე გაუშალეს სუფრა, როგორც მე დამხვდებოდნენ.
https://www.facebook.com/netgazeti/videos/vl.2285346691738176/2623597467679752/?type=1
ასეთი შემთხვევები ტრანსი გოგოების ცხოვრებაში არ არის ხშირი, ტრანსი შვილის პარტნიორს კი არა, თავიანთ შვილებს ვერ იღებენ. ვიცნობ ტრანს გოგოებს თბილისში, რომელთა იდენტობაზეც ოჯახში არ იციან. სულ იმის შიშში არიან, რომ ვინმე ნაცნობმა არ გამოიაროს ქუჩაში.
[blue_box]მეც მინდა მაღაზიაში, გარეთ გასვლა[/blue_box]
ჩხუბი, გინება, ფიზიკური შეურაცხყოფა, მაღაზიაში ვერ გახვალ. ხშირად მოლარეები, კონსულტანტები გათვალიერებენ, აინტერესებთ, რა ჯიშის ხარ და მერე უნდა მოგაქციონ ყურადღება. რაღაცას რომ გეტყვის, მეც ვერ ვითმენ და ამას მოჰყვება კონფლიქტი.
ძალიან ბევრჯერ მოვხვდი საავადმყოფოში. ერთხელ ხელი მომტეხეს, ოპერაციაც ჩამიტარდა. ეს იყო 2016 წელს. ფეხბურთი ტარდებოდა იმ დღეს, სტადიონიც იქვეა, გმირთა მოედანთან (სადაც ვიდექით ხოლმე). სხვა დროს ხალხმრავლობის გამო თავს ვიკავებდით ქუჩაში გამოსვლისგან, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხბურთის შესახებ ვერ გავიგე დროულად. სამნი ვიყავით, უცებ ვიღაცამ დამიძახა, როგორც კი გადავედი გზის მოპირდაპირე მხარეს, “ბეისბოლის” ჯოხი აიღო და პირდაპირ თავისკენ მომიქნია. ხელი დავახვედრე და ეს [იდაყვის] ძვალი ჩამიტეხა, მთლიანად ჩაშლილი მქონდა ძვალი. ვერაფერი ვიგრძენი. ამ დროს ჩვენმა ტაქსის მძღოლმა გამოიარა, რომელსაც დავყავდით სხვა დროს, დამიძახა, მეც გავიქეცი და ჩავჯექი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვეღარ გადმოვდიოდი მანქანიდან, გამიშეშდა ხელი, არ ვიცი, რა მოხდა. ისინი გაიქცნენ. ახლაც ხშირია ასეთი შემთხვევები.
ხალხის აგრესია არის ძალიან ხშირი – შეუძლიათ ქუჩაში გამოსულ ტრანსგენდერს მოულოდნელად ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მე, მაგალითად, მეტრო „ნაძალადევში“ მინდოდა ჩასვლა და უცებ წიხლი მომხვდა. ყვიროდნენ, მოსაკლავია… ბებიის ტოლა ქალები რომ მოვიდნენ, მეგონა მეტყოდნენ, წამოდექი, შვილოო, მაგრამ არა, მეძახდნენ, რომ მოსაკლავი ვარ, რადგან მათ შვილები ეზრდებათ… შვილებს ის კი არ უნდა ვუთხრათ, რომ ვინც არ მოსწონთ, მოკლან, სცემონ. მე რომ მაღაზიაში რაიმე პროდუქტი არ მომწონს, იმის ფასსაც არ ვკითხულობ. არ მოგწონს? იცი, რა? გაიარე. მე არაფერს გიშავებ, არც მოკლე კაბა მაცვია გარეთ, არც გამომწვევად… მაცვია სპორტულები, დაბლები… არ ვიკეთებ გამომწვევ მაკიაჟს… მეც მინდა მაღაზიაში გასვლა, გარეთ გასვლა.
იმის გამო, რომ გარეთ გასვლას ვერიდები, ზოგჯერ საჭმელს ვიძახებ – სახლში არავინ არაფერს დაგიშავებს. რატომ უნდა ვიძახებდე საჭმელს, როცა შემიძლია იმ 20 ლარად ლობიო გავაკეთო, წვნიანი გავაკეთო, გუშინ 55 ლარი დავხარჯე ორ ცალ აჭარულში და ორ ფანტაში. მაგ თანხით ვიყიდდი ჰიგიენურ რაღაცებს, ათ ლარად კი- ლობიოს ინგრედიენტებსაც. ეს არის ჩვენი დიდი უკან დახევა…
პოლიციელებიც არიან ჰომოფობიურად განწყობილი. თბილისში გვქონდა შემთხვევები, როცა ვიღაცა თავს დაგვესხა, პოლიციამ კი ის გვერდზე გაიყვანა და უთხრა – მოდი, ძმაო, ჩემი ბიძაშვილის ნათლია ხარ, შენ და და მე კურსელები ვიყავით… ასე არ უნდა ხდებოდეს. როცა მე ვუწერ საჩივარს და ვიცი, რომ ღირსია დაიჭირო, გადაგყავს ხიდის იქით და სვამ მანქანიდან, ეს სასაცილოც არაა, სატირალია… არის პოლიციელების კატეგორია, ვინც ძალიან ნორმალურადაა განწყობილი ჩვენ მიმართ, მოგვიკითხავენ კიდეც, როგორ ხართ გოგოებოო, თუმცა მთლიანობაში მაინც ასეთი სურათია.
ვერც „მარშრუტკაში“ ახვალ – დარწმუნებული ვარ, იქ რაღაც სასწაული მოხდება. არადა, არ მაქვს ტაქსის 5-15 ლარი, ფული ციდან არ ცვივა, უმუშევარი ადამიანისთვის 5 ლარიც ბევრია – ხან მეგობარი კაცი მაძლევს, დედა, ხან მამიდა, მაგრამ მასაც თავისი ოჯახი აქვს… 550 ლარით რამდენი უნდა გავაკეთო, ქირა ვიხადო, საჭმელი, სიგარეტი, ეპილაცია… ხომ გინდა ლამაზად გამოიყურებოდე, მხოლოდ კაბის ჩაცმა და ფრჩხილზე ლაქის წასმა არ არის თავის მოვლა. საქალაქთაშორისო მიკროავტობუსში კონფლიქტი ჯერ არ მომსვლია. რაღაც ლაპარაკები ყოფილა ასეთ დროსაც, მაგრამ ყურსასმენებს ვიკეთებ და ბოლომდე ვუწევ მუსიკას. ქუჩაშიც ასე ვარ, მუსიკით გადამაქვს, როცა რაღაცას მეტყვიან ან მომაძახებენ. მუსიკას ვუწევ ხმამაღლა და მივდივარ, ვატარებ ამ სიტყვებს. მუსიკა რომ არ მქონდეს, მეც უნდა ვუთხრა და მაშინ რაღაც მოხდება.
როცა მოვკვდები, შეიძლება მეც ბიჭის ტანსაცმლით დამმარხონ ჩემებმა
შარშან ბათუმში გარდაგვეცვალა ლიკა, ტრანსი ქალი. თბილისიდან ჩამოვიდნენ ტრანსგენდერი გოგოები, მის სასაფლაოზე ვიყავით ასული. გული დამწყდა, რომ საფლავის ქვაზე ავთო ეწერა.
საწყალი გოგო სახლშიც არ გააჩერეს, დედამ არ გააჩერა. მიზეზი იყო, რომ ვითომ დაავადება ჰქონდა, ეს დაავადება ასე არ გადადის. როცა ცოცხალი იყო, მაშინ ნახულობდნენ ადამიანები და არ გადასდებიათ. ის თავიდანვე არ მიიღეს ოჯახში – ჩათვალეს, რომ არც მკვდარი და არც ცოცხალი არ ყოფილიყო მათი. მკვდარიც არ უნდა წაეყვანათ. ტრანსგენდერი ქალები ბევრნი ვართ, შეგვეძლო ფული აგვეგროვებინა და ჩვენ თვითონ გაგვესვენებინა ლიკა, ისე როგორც ის იმსახურებდა. ბაბუაც გააკეთებდა ამას, ძალიან კარგი ბაბუა ჰყავს ლიკას.
როცა მოვკვდები, შეიძლება მეც ბიჭის ტანსაცმლით დამმარხონ ჩემებმა და ბიჭის სახელი დააწერონ ჩემს ქვას. ყოველთვის ვამბობ, რომ ასე არ მინდა…
სიკვდილზე რატომ ვფიქრობ? იმიტომ, რომ ახალგაზრდა გოგოები მოგვიკლეს: საბი იყო და საშინლად მოკლეს – ყელი გამოჭრეს, ბიანკა იყო და ვითომ გაზმა გაგუდა, როცა ქალი წლებია იმ ბინაში ცხოვრობდა და არაფერი მოსვლია მანამ, სანამ ინტერვიუში არ გამოჩნდა და იმ კვირაშივე მოკვდა. ზიზი იყო და საშინლად მოკლეს, მართლა საშინლად. დაათვრეს იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვდგავართ და შემდეგ ქვით მოკლეს… ამის მერე რა უნდა ვიფიქრო – მე ნატა ვარ და არ მომკლავენ? ეს აგრესია არის ტრანსებზე, არა სახელებზე – ლიკა ხარ, ნატა ხარ თუ ვინ ხარ… ამიტომ ვცდილობ სულ ვიყო ჩემთვის, მაგრამ მეც მინდა ხანდახან გარეთ გამოსვლა.
[red_box]ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და ჯანდაცვის სერვისები[/red_box]
სექსსამუშაოსთან დაკავშირებით ბევრი რისკია, აგრესიისა და ძალადობის გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი ინფექციებია, რასაც ლიკა ემსხვერპლა. თუმცა არის სერვისები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია და წამლებიცაა, რომელიც სისხლში ვირუსის რაოდენობას ამცირებს. მე არასდროს მქონია ინფექცია. თავის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ისე კი, ექიმებთან ბევრჯერ მქონია კონტაქტი. ერთხელ ფეხი გავიკერე, ხელიც მქონდა გაჭრილი, როცა დავეცი. ბათუმში ექიმებს არ ჰქონიათ ცუდი რეაქცია, რასაც თბილისზე ვერ ვიტყვი. ჩემს მეგობარს დასჭირდა ჭრილობის დამუშავება, ხელი ჰქონდა გაჭრილი, გამოვიძახეთ სასწრაფო და ეს ქალი აღმოჩნდა ძალიან აგრესიული. არის ასეთი კატეგორია ექიმების. საავადმყოფოში ვიღაც სულ იცინის შენზე, რომც არ იყო მისი პაციენტი, მაინც უნდა ჩამოვიდეს მე-5 სართულიდან, უნდა გნახოს, რა ჯიშის ხარ. საავადმყოფოში იმიტომ მიდიხარ, რომ გამოჯანმრთელდე დ არა პირიქით – სტრესი მიიღო.
ამავე თემაზე: ტრანსგენდერი, რომელიც სიცოცხლეში ბაბუამ არ მიატოვა
https://www.facebook.com/netgazeti/videos/770602296693760/
_____
მასალა მომზადებულია პროექტის “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.
ავტორები: ჯაბა ანანიძე, ია ფრანგიშვილი, მარიამ ბოგვერაძე

პროექტი უჩინარები. აშშ-ს საელჩო