ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ფეისბუკის გარეშე

10 სექტემბერი, 2019 • 1463
პრემიერ-მინისტრი ფეისბუკის გარეშე

საქართველოს ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფეისბუკზე ოფიციალური გვერდი არ აქვს. გიორგი გახარია ფეისბუკით არც შს და ეკონომიკის მინისტრობისას სარგებლობდა.

ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ გიორგი გახარია პირველი პრემიერია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რომელიც ფეისბუკზე წარმოდგენილი არ არის. წინა პრემიერები ფეისბუკს აქტიურად იყენებდნენ მათთან დაკავშირებული სიახლეების გასავრცელებლად. მამუკა ბახტაძემ პირველად სწორედ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობას ტოვებდა. ფეისბუკის ოფიციალური გვერდები ამჟამად გაუქმებული აქვთ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს: გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.

“საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური”, – ასე უპასუხე ნეტგაზეთის კითხვას, აპირებს თუ არა გიორგი გახარია ფეისბუკ-გვერდის შექმნას.

გიორგი გახარია 2018 წელს, შს მინისტრობისას, დარეგისტრირებულია ტვიტერზე, სადაც მისი ბოლო აქტივობა 4 ივლისით თარიღდება: მან აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი