ახალი ამბები

როგორ უნდა სტვენა და მოღალატის ძახილი, ამას ვაჩვენებთ – ინაშვილი აქციის წევრებს

9 სექტემბერი, 2019 • 1962
როგორ უნდა სტვენა და მოღალატის ძახილი, ამას ვაჩვენებთ – ინაშვილი აქციის წევრებს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობა ემზარ კვიციანის მიმართ განხორციელდა.

“ემზარ კვიციანი გამოვიდა პარლამენტის შენობიდან და ის მიემართებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ ტაქსისკენ, რომელიც გამოძახებული ჰყავდა. ძალადობა ემზარ კვიციანთან მიმართებაში განხორციელდა და მასზე. ეს ძალადობა გამოიხატებოდა იმ ფორმებში, რა ფორმებსაც ეს პროვოკატორები მიმართავენ, როგორიცაა მოღალატის ძახილი. დაუძახო და უწოდო მოღალატე ადამიანს, ეს მორალური ტანჯვის ტოლფასია.

ესენი არიან არა ახალგაზრდა აქტივისტები, არამედ ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივი. როგორ უნდა აქციების მოწყობა, სტვენა და მოღალატის ძახილი, პირდაპირ ვეუბნები ამ ჯგუფს, ამას ვაჩვენებთ”,-აცხადებს ინაშვილი.

გუშინ, 8 სექტემბერს, ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.

ინციდენტში პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი