ახალი ამბები

ვარდნა მეოთხე სართულიდან – სექსინდუსტრია კანონს მიღმა

4 მარტი, 2015 •
ვარდნა მეოთხე სართულიდან – სექსინდუსტრია კანონს მიღმა

 

სასტუმროს მე-4 სართულიდან ქალის გადმოგდება-გადმოვარდნის საქმის დეტალები


სასტუმრო აკვარიუსი
სასტუმრო აკვარიუსი

უზბეკეთის მოქალაქე – 25 წლის მიჰრიმანი (სახელი პირობითია) რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 თებერვალს, დილის ექვს საათზე მიიყვანეს. თვითმხილველების თქმით, სასტუმროს მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი ქალი ავტომანქანას დაეცა და სწორედ ამან გადაარჩინა. ასევე ოფიციალური ვერსიით, ქალი ამავე სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა თანამემამულე ქალთან და თურქეთის მოქალაქე ორ მამაკაცთან ერთად. ამ ამბის მონაწილე ქალები, ისე როგორც მამაკაცები, რომლებიც პოლიციამ უკვე დაკითხა, ამბობენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მიჰრიმანი თვითონ გადახტა თუ გადავარდა მეოთხე სართულის აივნიდან. სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით კი, რომელიც იმ ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მორიგეობდა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში მიჰრიმანიმ თქვა, რომ ის მამაკაცებმა გადმოაგდეს.


„გადმოვარდა თუ გადმოაგდეს, ეს პოლიციამ უნდა დაადგინოს. ჩვენ დოკუმენტში გავაფორმეთ „მაღლიდან ვარდნა“. ჩვენი მიზანია პაციენტს ვუმკურნალოთ“, – უთხრეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“.

 

კიდურების მოტეხილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული მიჰრიმანის საოპერაციო თანხის ნაწილი – 1500 ლარი საქართველოს მოქალაქემ გადაიხადა. ეს არ არის სრული თანხა, – საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, როგორც ექიმი გია კიკაბიძე ამბობს, მსგავსი ოპერაცია 5000 ლარი ღირს. ოპერაციის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის კი, კიდევ უფრო ძვირდება.
მოქალაქე ედნარ დ.-მ (ასევე პირობითი სახელია), რომელიც ეთნიკურად ქართველია, ექიმებს უთხრა, რომ დაზარალებული მისი ცოლია. ედნარი და კიდევ რამდენიმე მოქალაქე, როგორც ეთნიკურად თურქები, ისე უზბეკები, ოპერაციის მსვლელობის დროს საავადმყოფოს ეზოში ელოდებოდნენ ოპერაციის შედეგს.

 

მიჰრიმანის თანამემამულეების თქმით კი, რომლებიც „ბათუმელებთან“ საუბარს კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით დათანხმდნენ, მიჰრიმანი ქორწინებაში არ იმყოფება ედნარ დ-სთან. „ისინი უბრალოდ მეგობრობენ. მიჰრიმანი კი ღამის კლუბში მუშაობს“. კითხვაზე, ედნარი მიჰრიმანისა თუ მასთან ერთად ღამის კლუბში მომუშავე გოგონებს ბათუმში „პატრონობის სანაცვლოდ“ ფულს ხომ არ სძალავს, „ბათუმელების“ რესპონდენტი გოგონები ამბობენ, რომ „ედნარის შესახებ ერთი რამის თქმა შეუძლიათ – ის დიჯეია თურქულ ღამის კლუბში“.

 

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „მიჰრიმანის გადმოვარდნა-გადმოგდების საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას“.

 

ასევე ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც 26 თებერვალს, ღამით მიჰრიმანთან ერთად მყოფი პირების ჩვენებას ეყრდნობა, დაზარალებული არ არის სხვისი ჩარევით გადმოვარდნილი: ქალი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. გარდა ამისა, სხვა დროსაც იყო შემთხვევა, როცა ის სხვადასხვა მედიკამენტის მიღების შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდა – ერთ-ერთი ვერსიით მიჰრიმანს უზბეკეთში ჰყავს შვილი, რომლის ნახვის უფლებაც არ აქვს. სწორედ ამ სტრესით ხსნიან მიჰრიმანის თანამემამულეები მის საქციელს.


„ბათუმელებმა“ მიჰრიმანი რეანიმაციული განყოფილებიდან გადმოყვანის შემდეგ მოინახულა. ის ამბობს, რომ არის 25 წლის, ორი შვილი უზბეკეთში ჰყავს, ხოლო ერთი – 5 წლის გოგო საქართველოში. ამბობს, რომ ორჯერ წამლის ზემოქმედების შედეგად ნამდვილად მოხვდა საავადმყოფოში, ერთხელ მაშინ, როცა კბილი სტკიოდა და ქმარმა აბი მისცა. მეორედაც თავის ტკივილის გამო დალია რაღაც წამალი.
ამბობს იმასაც, რომ ბათუმში ჩამოსვლიდან სამი თვის შემდეგ დაუკაკუნა პოლიციამ კარებზე და უთხრა, რომ სავიზო რეჟიმის პირობებში საქართველო უნდა დაეტოვებინა. `ახლა პოლიცია აღარ მაწუხებს“, – ყვება მიჰრიმანი.

 

რაც შეეხება თავად სასტუმროს, „აკვარიუსის“ დროებითი მფლობელი ნუკრი ბედინაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ის კომენტარს ვერ გააკეთებს.


სიფილისით დაავადებული ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა


კიდევ ერთი მოქალაქე უზბეკეთიდან პირობითი სახელით – ნარგიზა 1982 წელს არის დაბადებული. ის ამბობს, რომ საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა თურქეთში გამგზავრების მიზნით. თურქეთში რამდენი ხანი დაჰყო, ზუსტად არ იცის, შესაბამისად, არც ის ახსოვს, საქართველოში ხელახლა როდის შემოვიდა. ნარგიზამ გარდა უზბეკურისა, არც ერთი ენა არ იცის.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა კარგად იცნობს ნარგიზას პრობლემებს. ის არასრულწლოვანი იყო, როდესაც თავისივე სამშობლოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ოჯახისთვის „სირცხვილის ჩამორეცხვის“ მიზნით ნარგიზა მიათხოვეს ასაკოვან მამაკაცს, რომლისგანაც ის გაიქცა. მიუსაფარი ნარგიზა იპოვა ნასიბახონ აბდულაევამ და საქართველოში ჩამოიყვანა – ნარგიზას დაუქირავა ბინა და სექსინდუსტრიაში ჩართო. ნარგიზა იმდენად მადლიერი იყო ამ ქალის, რომ რასაც გამოიმუშავებდა, აბდულაევას უხდიდა. ნარგიზასა და მისი „დედობილის“ (დღემდე ასე მიაჩნია ნარგიზას აბდულაევა) ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ აბდულაევას ტრეფიკინგის მუხლით საქართველოს მართლმსაჯულებამ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

ნარგიზა მეორედ აღმოჩნდა ქუჩაში – ოღონდ ამჯერად ჩვილი ბავშვით ხელში. ნარგიზა ამბობს, რომ ბათუმში ის დაქორწინდა თურქეთის მოქალაქეზე, რომელმაც მოგვიანებით შვილზეც უარი თქვა. ბავშვი მამის გვარზეა დარეგისტრირებული. ნარგიზა ყვება, რომ ამ მამაკაცისგან გადაედო მას ვენერული დაავადება – სიფილისი.

 

უკვე მერამდენედ ქუჩაში დარჩენილი ნარგიზა ისევ ჩაერთო პროსტიტუციაში. დაახლოებით სამი თვის წინ კი მეორე ბავშვზე იმშობიარა ბათუმის სამშობიარო სახლში. მეორე შვილი ნარგიზას საკუთარ გვარზე ჰყავს რეგისტრირებული.

 

სამშობიარო სახლიდან გამოსული ნარგიზა ორმა თანამემამულე გოგონამ შეიფარა. ის ახლაც ამ ორ გოგოსთან ერთად ცხოვრობს, იატაკზე გაფენილ ლეიბზე წევს. ჩვილი დედის ძუძუს არის ჩაფრენილი, ორი წლის ბიჭი კი დედას ზურგიდან ეხუტება. რომ არა თანამემამულე გოგონები, რომლებიც ასევე სექსმუშაკობით ირჩენენ თავს, ნარგიზა ულუკმაპუროდ აღმოჩნდებოდა ქუჩაში.

 

ნარგიზა უკვე რამდენიმე წელია სიფილისის მატარებელია. ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა – სიფილისი აქვს ბოლო სტადიაში. ეს ის სტადიაა, როდესაც ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, რასაც საბოლოო ჯამში ავადმყოფი მიჰყავს დამბლამდე და ფსიქიკურ აშლილობამდე. ნანა ნაზაროვა ცდილობს, იპოვოს ნარგიზას პირველი შვილის მამა, რომლის თანხმობა ბავშვის საზღვარზე გადაყვანის პროცესში აუცილებელია. ნარგიზას სამშობლოში სურს დაბრუნება, ნანა ნაზაროვა კი, ცდილობს მას ამ საკითხში დაეხმაროს.

 

ნანა ნაზაროვა: „საქართველოდან იმიტომ ვერ მიდის, რომ პირველი შვილის ქმარი არ აძლევს ბავშვის საზღვარზე გაყვანის წერილობით თანხმობას. რადგან ბავშვი მამის გვარზეა დარეგისტრირებული, მისი თანხმობის გარეშე ბავშვს საზღვარზე არ გაატარებენ. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს იპოვოს ეს მამაკაცი და დააწერინოს თანხმობის წერილი…

 

მითხრეს, რომ ეს გოგო ქუჩაში იყო ორ ჩვილ ბავშვთან ერთად. ვცადე, გამგზავრებამდე მაინც ერთ-ერთ თავშესაფარში მომეთავსებინა, მაგრამ უარი მითხრეს – ერთი საპირფარეშო გვაქვს და სიფილისიან ქალს ვერ მივიღებთო. ვინც ეგ ბავშვები შეიფარა, ის გოგონები რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა ეშველებოდა ნარგიზას“, – ამბობს ნანა ნაზაროვა.

 

გოგონები, ვინც ნარგიზა შეიფარეს, ამბობენ, რომ ის ცუდად არის. ერთ-ერთი მათგანი, ლამაზი გარეგნობის გოგონა, რომელსაც მუცლის მიდამოებში მოზრდილი ნაიარევი მოუჩანს, ხოლო მარცხენა თვალის მიდამო ჩალურჯებული აქვს, ამბობს, რომ უნდა ნარგიზას პატარა იშვილოს. ნარგიზას ვეკითხები, ნამდვილად აპირებს თუ არა ბიჭის გაშვილებას. ის თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

 

ბავშვის აყვანის მსურველმა გოგონამ არ იცის, რა დოკუმენტები უნდა შეაგროვოს ან ვის უნდა მიმართოს, რომ ეს პროცედურა სამართლებრივად მოაწესრიგოს. ის ამბობს, რომ როგორც კი ამ საკითხს მორჩება, წაიყვანს ბავშვს და წავა თავის სამშობლოში: „ეს ბავშვი ჩემთვის დიდი საჩუქარია, რადგან შვილი არ გამიჩნდება. ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე – კისტა მქონდა, მაგრამ ექიმებმა ჩემს დაუკითხავად საშვილოსნოზე ორივე მილი ამომჭრეს. მითხრეს, რომ ასე იყო საჭირო. წავიყვან ამ პატარას და ჩემი შვილი იქნება. უზბეკეთში დიდი სახლი მაქვს, მშობლებიც მყავს. ბავშვს არაფერი გაუჭირდება“.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

 

ნარგიზასა და მისი შვილების შესახებ (ორივე ბავშვი საქართველოშია დაბადებული, ამიტომ ისინი, წესით, საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ, თუმცა დედამ ბავშვების მოქალაქეობასთან დაკავშირებით არაფერი იცის) აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „ბათუმელებისგან“ შეიტყო. ამ სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულად ჩაუტარეს გამოკვლევა როგორც ბავშვებს, ისე მათ დედას. ანალიზის პასუხების მიხედვით, გაირკვა, რომ სიფილისით ინფიცირებული მართლაც აღმოჩნდა ქალი და მისი ორი თვის შვილი, ხოლო ორი წლის ბიჭს ვენერილი დაავადება არ აღმოაჩნდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმი ბეჟან იაკობაძე საკუთარი სახსრებით უმკურნალებს როგორც დედას, ისე შვილს.

 

სამშობიარო სახლი


ნარგიზამ მეორე შვილი ბათუმის სამშობიარო სახლში გააჩინა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მშობიარის ავადმყოფობის შესახებ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა უცნობია, რატომ არ მოხერხდა ახალშობილის სათანადო გამოკვლევა.


ტრეფიკინგი საქართველოში


გასულ წელს საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ტრეფიკინგის ხუთი შემთხვევა დააფიქსირეს. შესაბამისად, ამ მუხლით მსჯავრდებულებიც არსებობენ. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საქმის ძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. ბოლო თვეების განმავლობაში დაიხურა რამდენიმე სასტუმრო და ღამის კლუბი, რომლებიც საზოგადოებაში აღიქმებოდა, როგორც ადგილი პროსტიტუციისთვის. თუმცა, მათი უმრავლესობა კვლავაც იმავე დანიშნულებით აგრძელებს მუშაობას.

 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად, „საქართველო გვევლინება როგორც წყაროდ, ისე ტრანზიტულ და მიმღებ ქვეყნად ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების, კაცებისა და ბავშვებისათვის. ანგარიშის თანახმად, ქალები უფრო მეტად სექსუალური, კაცები და ბავშვები კი შრომითი ექსპლუატაციის ობიექტები არიან. ქალები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და რუსეთში. საქართველოში, კერძოდ, საქართველოს ტურისტულ რეგიონში, აჭარაში – ბათუმსა და გონიოში უცხო ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ქალები იძულებით არიან ჩართულნი პროსტიტუციასა და სექსინდუსტრიაში“.

პროსტიტუცია საქართველოში არალეგალური საქმიანობაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი