ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების “მესამე ტურს” ითხოვენ

9 სექტემბერი, 2019 • 2441
აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების “მესამე ტურს” ითხოვენ

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


999 ხმით მეტი მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს აფხაზეთში გაიმართა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,38%, მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინიამ კი 46,19% მიიღო. “ყველას წინააღმდეგ” ხმა 3154-მა ადამიანმა მისცა. 

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აპირებს წინასწარი შედეგებით დამარცხებული კანდიდატი ალხას კვიცინია. 

საქმე ის არის, რომ “არჩევნების შესახებ” აფხაზეთის კანონის ერთ-ერთი პუნქტით, მეორე ტურში გამარჯვებულად მიიჩნევა კანდიდატი, რომლის მიღებული ხმები სხვა კანდიდატისა და “ყველას წინააღმდეგ”, ჯამში, აღებულ ხმებზე მეტია. ამ შემთხვევაში კი ასე არ არის. 

ალხას კვიცინია ღიად ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ახალ არჩევნებს ითხოვს. თუმცა ახლა ყველაფერი მაინც შიდა დისკუსიებზეა დამოკიდებული. კვიცინიას პოზიციას მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიები და პირველი ტურის სხვა კანდიდატები: ოლეგ არშბა, არტურ ანქვაბი და ასტამურ კაკალია.

ამასობაში რაულ ხაჯიმბამ და მისმა შტაბმა უკვე იზეიმეს არჩევნების პირველადი მონაცემები და რაულ ხაჯიმბამ, როგორც უკვე გამარჯვებულმა კანდიდატმა, აფხაზურ თუ რუსულ მედიასთან ინტერვიუებიც უხვად არიგა.

“თუ ვიმსჯელებთ იმ ხმებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, კარგად ჩანს, რომ ხალხი ჩვენით კმაყოფილია. მაგრამ ამომრჩევლის უმრავლესობა მაინც შანსს გვაძლევს, დაწყებული რეფორმები გავაგრძელოთ და საკუთარი გზით წავიდეთ”, – პასუხობს ხაჯიმბა ჟურნალისტებს.

ხაჯიმბას თქმით, საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეუძლია, პროვოკაციებს არ აჰყვა და შეინარჩუნა სიმშვიდე არა მხოლოდ არჩევნების დღეს, ასევე ღამით, ხმების დათვლის დროსაც. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა რაოდენობა მეორე ტურში უფრო მეტი [83 ათასზე მეტი] იყო, ვიდრე წინა ტურში [82 ათასზე მეტი]. ამომრჩეველთა აქტივობამ 65, 98 % შეადგინა. 

როგორც კი საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყო, მონაცემები შტაბების ანალიტიკურ ცენტრებში ავტომატურ რეჟიმში იყრიდა თავს. შტაბებში ჩამოკიდებულ მონიტორებზე განახლებული ციფრები ყველასთვის თვალსაჩინო იყო. მხარდამჭერები რეალურ დროში თვალს ადევნებდნენ იმას, თუ როგორ ნაწილდებოდა ორი კანდიდატის ამომრჩევლის ხმები. 

მალევე გახდა ცნობილი, რომ ხაჯიმბა ოპონენტს უსწრებს. დიდი ხანი ელოდნენ შტაბები ინფორმციას სოხუმის უკანასკნელი უბნიდან, თუმცა საერთო სიტუაციას ეს მონაცემი ვეღარ შეცვლიდა. ამის მიუხედავად, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები გამარჯვებას არ ჩქარობდნენ. მხოლოდ მაშინ იქუხა აპლოდისმენტებმა შტაბში, როდესაც უკანასკნელი უბნის მონაცემებიც გაირკვა. რაულ ხაჯიმბამ კი ამომრჩეველს მიმართა.

“ჩვენ გავიმარჯვეთ. ხალხმა ბრძნული და სწორი არჩევანი გააკეთა. წინ ბევრი სამუშაოა. საჭიროა ამომრჩეველთა ნდობის გამართლება. არ გვაქვს უფლება, მოვეშვათ”, – განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზურ ენაზე.

ამ დროს ალხას კვიცინიას შტაბში სულ სხვანაირი განწყობა იყო. ხმების ამ მცირე სხვაობამ მის მხარდამჭერებში თავიდანვე ეჭვები წარმოშვა. ამიტომაც შტაბიდან პრესასთან საუბარს ან განცხადების გაკეთებას არავინ ჩქარობდა. პირველ საათებში ხმების დათვლის შემდეგ ალხას კვიცინია კომენტარებისგან თავს იკავებდა, თუმცა შემდეგ მაინც მიმართა საკუთარ ამომრჩეველს. 

“ამჟამად დოკუმენტაციის შესწავლა, ზოგიერთ უბანზე ხმების გადათვლის პროცესი მიმდინარეობს. იურისტები ოქმებს სწავლობენ. კიდევ რამდენიმე საათი გვჭირდება  რაღაც დასკვნების გამოსატანად”, – განაცხადა კვიცინიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი