ახალი ამბები

ანაკლიის ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა – თურნავა

9 სექტემბერი, 2019 • 983
ანაკლიის ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან მოუზიდავ ინვესტიციას ასახელებს.

მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა მოლოდინი, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის ინვესტორი სესხს მოიზიდავადა, რაც საქსტატის მეთოდოლოგიით პირდაპირ ივნესტიციად ჩაითვლებოდა, შედეგად კი, ქვეყნაში FDI-ის მოცულობა გაიზრდებოდა.

„მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა“, – აცხადებს თურნავა.

დღეს, 9 სექტემბერს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის მე-2 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა და, ჯამში, 187 მლნ აშშ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი