ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მოსკოვს მიმართავს, რუსეთის ჯარმა საქართველოსგან დაიცვას

6 სექტემბერი, 2019 • 1886
ცხინვალი მოსკოვს მიმართავს, რუსეთის ჯარმა საქართველოსგან დაიცვას

ოსური მხარე რუსეთის პარლამენტს და ფედერაციის საბჭოს მიმართავს, შეასრულოს რუსეთმა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმების პუნქტი, რომლის შესაბამისად, რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთს და მის საზღვრებს დაიცავს.

ცხინვალის მიმართვაში წერია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრები ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უშედეგოა.

“ამასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ითხოვს პარლამენტშორისი კონსულტაციების ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის მოხსნას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მოქალქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას”.

ცხინვალის უკმაყოფილება დე ფაქტო საზღვრისპირა ტერიტორიებზე ქართული პოლიციის საგუშაგოების მშენებლობამ გამოიწვია. ოსურმა მხარემ რამდენჯერმე გააფრთხილა თბილისი, აიღოს საგუშაგო იმ მოტივით, რომ “საზღვართან ქართული პოლიციის შენობები პროვოკაციას ემსახურება”.  თუმცა ქართულ მხარეს არ გაუთვალისწინებია ცხინვალის პოზიცია. აღნიშნული საკითხები მხარეებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრებზე განიხილებოდა, თუმცა მხარეები კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი