ახალი ამბები

პარლამენტს შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობაზე შეზღუდვა არ აქვს

2 მარტი, 2015 •
პარლამენტს შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობაზე შეზღუდვა არ აქვს

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს.

 

მთავრობის შესაბამისი განკარგულების განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ მთავრობაში გაიგზავნა წერილობითი კორესპონდენცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, 11 ფრაქცია და 1 დროებითი კომისია, 62 პარლამენტის წევრს დაენიშნა თანაშემწე და აგრეთვე ფუნქციონირებს 73 მაჟორიტარი წევრის ბიურო.

 

ზემოაღნიშნულ სუბიექტებში პირთა დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთანავე, პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულია შტატგარეშე მოსამსახურეები არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

 

ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება პარლამენტში დასაქმებულ მოხელეთა 2%-ს. შესაბამისად, ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პარლამენტზე გავრცელების შემთხვევაში, ვერც ერთი ზემოხსენებული სუბიექტი ვერ შეძლებდა კანონონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.

 

საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის მთლიანობაში 60 მილიონ 531 ათას 700 ლარია გამოყოფილი. აქედან მხოლოდ ხელფასებისთვის – 33 მილიონ 180 ათას 400 ლარი, ხოლო მომუშავეთა რაოდენობაა – 1331.  უშუალოდ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულია 840 ადამიანი, რომელთა ხელფასებისთვის წელს 27 მილიონ 604 ათას 400 ლარია გათვალისწინებული.

 

ინფორმაცია 2014 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ (აჭარის მაჟორიტარები):

 

ბათუმი – დუმბაძე მურმან – 65 233 ლარი;

ქედა – შერვაშიძე იაშა – 58 582 ლარი;

ქობულეთი – ხალვაში ფატი – 65 449 ლარი;

შუახევი – მეგრელიძე ომარ – 60 173 ლარი;

ხელვაჩაური – ხალვაში როსტომ – 65 357 ლარი;

ხულო – ბოლქვაძე ანზორ – 51 055 ლარი.

 

როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეს მონაცემები ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის მოწოდებულ ინფორმაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი