განათლების სამინისტრო; ფოტო: ნეტგაზეთი

“არ წაგვართვათ სტუდენტობის უფლება” – სამინისტროსთან აბიტურიენტების ნაწილის აქცია იგეგმება

დღეს, 6 სექტემბერს, განათლების სამინისტროსთან აქცია იგეგმება, რომელზეც დაბალი საკონკურსო ქულების მქონე აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას მოითხოვენ. “2019 წლის 2%-ს არ წაგვართვათ სტუდენტობის უფლება” – ამ სახელწოდებით შეკრება უწყების შენობასთან 16:00-ზე დაიწყება.

ორგანიზატორის, მოქალაქე დავით ბესტავიშვილის თქმით, ზემოაღნიშნულმა აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე ოთხივე საგანი ჩააბარეს და “გადალახეს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი”. თუმცა იმის გამო, რომ უნივერსიტეტების ჩამონათვალში შედარებით დაბალრეიტინგული საგანმანათლებლო პროგრამები ვერ მიუთითეს, სასწავლებლების გარეთ დარჩნენ.

“აღნიშნული მიზეზის გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების აღნიშნული 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს.

მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე – აღნიშნული 2% სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე, უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში”, – წერს ბესტავიშვილი ონლაინ პეტიციის ტექსტში, რომელსაც 3 000 ხელმომწერი ჰყავს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოთხოვნას მოგვიანებით უპასუხებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან