ახალი ამბები

ჯარის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ [საბავშვო] ბაღიდან – ღარიბაშვილი

5 სექტემბერი, 2019 •
ჯარის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ [საბავშვო] ბაღიდან – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივება იქნება.

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯარის პოპულარიზაციის თემა ყველა ოჯახში უნდა შევიდეს.

“ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი და ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული. მოდით, ვაღიაროთ, ბოლო წლების განმავლობაში მცდელობა, რა თქმა უნდა, იყო… ყოველთვის იყო ჯარის მიმართ პატივისცემა, პრესტიჟულობა და სიამაყის განცდა, ალბათ, ყველა მოქალაქეს გვაქვს, მაგრამ რატომღაც არ ეთმობა ამ საკითხს სათანადო ყურადღება. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში. ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში.

ამ საკითხის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან. სკოლებში უნდა შევიდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრომ სახელმძღვანელო შეიმუშავა და ძალიან მალე იქნება დასრულებული. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივევბა. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა “ძირგამომთხრელი” უწოდა გირჩის ინიციატივას, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საშუალებას აძლევს. მან ასევე განაცხადა, რომ გეგმავს 18-დან 50 წლამდე მოქალაქეები რეზერვში ჩართვასა და წვრთნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი