ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული პოლიციის თავზე სიმაღლე დავიკავეთ და დროშა აღვმართეთ – ცხინვალი

5 სექტემბერი, 2019 • 1856
ქართული პოლიციის თავზე სიმაღლე დავიკავეთ და დროშა აღვმართეთ – ცხინვალი

“რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით, სოფელ წნელისის მიდამოებში უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო, რომელსაც მშვიდობიანი ხასიათი აქვს”, – აცხადებს დღეს, 5 სექტემბერს ოსური მხარე.

კერძოდ, როგორც განცხადებაში წერია, “ოსურმა მხარემ დაიკავა საქართველოს ბლოკპოსტის თავზე, 944,8 მ. სიმაღლე, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართა საქართველოსთნ საზღვარზე”.

“საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები მიმართულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრისპირა ნაწილის ანექსიისკენ, მოსახლეობისთვის საფრთხე მზარდია, რასაც ქართველი ძალოვნების მიერ კვარდროკოპტერისთვის ცეცხლის გახსნის ინციდენტისც მოწმობს”, – წერია ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ახალი საგუშაგოს გახსნამ სოფელ წნელისთან ოსური მხარის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში [IPRM] რამდენიმე რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. ოსურმა მხარემ ულტიმატუმიც კი წაუყენა თბილისს, მოხსნას ახლად გახსნილი პოლიციის პუნქტი იმ ადგილას, რომელსაც ცხინვალი სასაზღვრო ტერიტორიად მიიჩნევს.

გუშინ, 4 სექტემბერს ოსურმა მხარემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ქართული მხარის მიერ პოლიციის კიდევ ერთი ბლოკპოსტის მშენებლობასთან დაკავშირებით და თბილისი პროვოკაციულ მოქმედებებში დაადანაშაულა. თბილისმა ცხინვალის საპასუხოდ გუშინ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი