საუბარია საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე – ქართული მხარე საგუშაგოს გადაწევაზე

“საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”, – აცხადებენ სუს-ში.

ოსური მხარის ცნობით, ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის ორი ჩანიშნული სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ დეპუტატებმა ინფორმაცია მიიღეს ქართული პოლიციის კიდევ ერთი ახალგახსნილი პოსტის შესახებ, ამჯერად- სოფელ სინაგურში.

“ინფორმაცია სხდომის დროს მივიღეთ, რის გამოც დეპუტატებს დაუყოვნებლივ სახელმწიფო საზღვართან გასვლა მოუწიათ”, – ავრცელებს ოსური სააგენტო რესი დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციას.

ქართული მხარის ცნობითვე, 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IRPM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება.

“ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები”, – აცხადებენ სუს-ში.

რამდენიმე დღის წინ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ახალი საგუშაგოს გახსნამ სოფელ წნელისთან ოსური მხარის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში [IPRM] რამდენიმე რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. ოსურმა მხარემ ულტიმატუმიც კი წაუყენა თბილისს, მოხსნას ახლად გახსნილი პოლიციის პუნქტი იმ ადგილას, რომელსაც ცხინვალი სასაზღვრო ტერიტორიად მიიჩნევს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი