ახალი ამბები

აქცია უკრაინის ეროვნულ ბანკთან პოლიციამ დაშალა

27 თებერვალი, 2015 • • 885
აქცია უკრაინის ეროვნულ ბანკთან პოლიციამ დაშალა

“იტარ ტას”-ის ცნობით, კიევში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება ოთხშაბათს მოხდა. პოლიციამ წრე შემოარტყა მომიტინგეებს და აკრძალული ნივთების ძებნა დაიწყო.

 

მედიის ცნობით, პოლიციამ ერთ-ერთი მომიტინგისგან ამოიღო მოლოტოვის კოქტეილი, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა, რადგან მომიტინგეები დაშლას არ აპირებდნენ.

 

“პოლიციამ დაშალა ჩვენი კარავი, რომელსაც ვაფარებდით თავს წვიმის დროს”, – ამბობს აქციის მონაწილე.

 

“იტარ ტას“-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველის ვალერია გონტარევასა და მისი პირველი მოადგილის ალექსანდერ პისარჩუკის გადადგომას მოითხოვენ. აქციის დაწყებამდე კიევში სამთავრობო და ეროვნული ბანკის შენობებთან პოლიცია იყო მობილიზებული. 

 

მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკრიტიკა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და მისი ხელმძღვანელობა. მედიაში გავრცელბლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბანკის ხელმძღვანელ გონტარევასთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს.

 

უკრაინის ცენტრალური ბანკის წინ ანალოგიური აქციები 19 და 23 თებერვალს  საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ბანკების საზოგადოებრივი კონტროლმა” გაიმართა.

 

18 თებერვალს ეროვნული ბანკის წინ დაზარალებულმა მეანაბრეებმა უკრაინის პარლამენტთან აქცია გამართეს და ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მოძრაობაც გადაკეტეს, იუწყება focus-fen.net.

 

kyiv post-ის ინფორმაციით, 12 თებერვალს 30-მდე ადამიანი მივიდა უკრაინის ეროვნულ ბანკთან, რათა გაეპროტესტებინა ჰრივნას გაუფასურება. ამავე მედიის ცნობით, პროკურატურა იძიებს გაყალბებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეებს ეროვნული ბანკის თანამშრომლების მხრიდან.

 

sputniknews.com-ის ცნობით, უკრაინის შსს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ შსს აწარმოებს გამოძიებას აქციის დაშლასთან დაკავშირებით და გამოძიების შედეგბი უახლოეს 48 საათში გახდება ცნობილი. მისი თქმით, პოლიციის ადგილობრივი ოფისის მეთაური დათხოვნილია.

 

უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთ აშშ დოლარი 33.75 უკრაინულ ჰრივნას უდრის.

აქცია უკრაინის ეროვნულ ბანკთან. (C) EPA, 25.02.2015
აქცია უკრაინის ეროვნულ ბანკთან. (C) EPA, 25.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი