საფრანგეთი ირანს წლის ბოლომდე $15-მილიარდიან კრედიტს სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი სრულად დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებს. ამის შესახებ “როიტერსი” დასავლურ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. თავის მხრივ, ირანულ მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები, რომ ქვეყანა თანახმაა, დარჩეს შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ ზემოაღნიშნული კრედიტის მიღების შემდეგ.
ინიციატივის შესახებ ოფიციალური პირები ჯერჯერობით ბევრს არაფერს ამბობენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ განიხილება საკრედიტო ხაზი, ერთი მხრივ, ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დასაბრუნებლად, მეორე მხრივ კი, უსაფრთხოებისათვის სპარსეთის ყურეში. “როიტერსის” ცნობით, მანვე მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მეტად მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, ჯერ ისევ ბევრია სამუშაო, მოლაპარაკებები კი ამ ეტაპზე “მყიფეა”.
პარალელურად, ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ადგილობრივ სააგენტო “ფარსს” დაუდასტურა, რომ თეირანი დაუბრუნდება შეთანხმების პირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ინიცირებულ კრედიტს დაამტკიცებს.
ბირთვული შეთანხმების გარშემო ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2018 წლის მაისში ის აშშ-მა დატოვა. დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დროს გაფორმებულ დოკუმენტს ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა, ცალმხრივსა და დამღუპველს უწოდებდა მას და ამბობდა, რომ არ დაუშვებდა, აშშ “ბირთვული შანტაჟის მძევალი” გამხდარიყო. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კვლავ ამოქმედდა მძიმე სანქციები ირანის მიმართ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ქვეყნის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა.
საპასუხოდ, თეირანმა შეთანხმების ფარგლებში ბირთვულ მასალებზე დაწესებული ზოგიერთი ლიმიტი მოხსნა და თქვა, რომ თუ შეთანხმების წევრი ევროპული ქვეყნები სათანადოდ არ იმოქმედებდნენ, სრულად დატოვებდა მას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, ულტიმატუმი მიმდინარე კვირაშიც გაახმიანა და ევროპულ სახელმწიფოებს მოქმედებისათვის ვადა ხუთშაბათამდე მისცა.
რთული სათქმელია, დათანხმდება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია პარიზის ინიციატივას, რომელიც თეირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკის მომხრეა. როგორც “ნიუ იორკ ტაიმსი” წერს, აშშ-ის პრეზიდენტის უარის შემთხვევაში, ბუნდოვანია, წავლენ თუ არა ევროპული ბანკები რისკზე და ამერიკული სანქციების გვერდის ავლით ირანს კრედიტებს მისცემენ. მეორე მხრივ კი, ასევე უცნობია, გააკეთებს თუ არა ამას ევროპის ცენტრალური ბანკი ან საფრანგეთის ცენტრალური ბანკი, რომელთა მიმართ რაიმე სანქციის დაწესება ვაშინგტონისათვის მეტად რთული იქნება.