ამ სამოქმედო გეგმით, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია “ამბიციურ გეგმასა და ხმამაღალ განაცხადს” უწოდებს, კომიტეტი 2015–2016 წლების განმავლობაში იხელმძღვანელებს.
გეგმაში წერია, რომ შემოსული წერილების საფუძველზე კომიტეტმა სისტემური პრობლემები უნდა გამოავლინოს და ამ თემებზე თვეში ერთხელ მაინც ჩაატაროს საკომიტეტო მოსმენები სამინისტროების წარმომადგენლობის მონაწილეობით.
გარდა ამისა, კომიტეტის სამოქმედო გეგმაში გაწერილია საკომიტეტო მოსმენა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული მდგომარეობის შესახებ, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში არსებული პრობლემების შესახებ და ა.შ.
სამოქმედო გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ კომიტეტს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით შეუძლია მთავრობის წევრები დაიბაროს და მათ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე შეკითხვები დაუსვას.
გეგმაში ნათქვამია, რომ მომდევნო 2 წლის სტრატეგია კომიტეტის საჭიროებათა წინასწარ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
გარდა საზედამხედველო საქმიანობისა, კომიტეტს 2015–2016 წლებში კიდევ 3 სტრატეგიული მიმართულება ექნება. ესენია: კანონშემოქმედებითი კუთხით მუშაობა, ორგანიზციული საქმიანობა და კომუნიკაციის მიმართულებები.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ასეთი სამოქმედო გეგმა აქამდე არ არსებობდა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
კომიტეტის 2 წლის სამოქმედო გეგმაში შესულია იმ საკითხებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენების ჩატარებაც, რომლებიც სხვადასხვა დროს საზოგადოების ყურადღებას იქცევდა, კერძოდ, სასჯელაღღსრულების დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე ზედამხედველობა, ქალზე ძალადობა, დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი, შშმ პირთა საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება, ეროვნული უმცირესობების საკითხები, ბიუჯეტის შესრულების ანალიზი, ჰესების მშენებლობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენის ჩატარება, ჯანდაცვა, შრომის უფლებების საკითხები და ა.შ.