მასტერქარდის საშუალებით Apple Pay-ის გადახდის სისტემის გამოყენებას საქართველოშიც შეძლებენ

ციფრული ინოვაციების ხანაში ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი იხდის მომსახურების საფასურს ნაღდი ფულით. მობილური ან უკონტაქტო გადახდის სისტემები კი მზარდი პოპულარობით სარგებლობენ.

სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ქართველ მომხმარებელს მასტერქარდი Apple Pay-ის გადახდის სისტემას სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან Apple-ის ტექნიკის მომხმარებელი საქართველოში სრულყოფილად შეძლებს ისარგებლოს საკუთარი ციფრული საფულით. დღეიდან Apple Pay-თ გადახდა მასტერქარდის მეშვეობით საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში,  VTB-სა და TBC-შია ხელმისაწვდომი. 

იმისათვის, რომ Apple Pay გამოიყენოთ, აუცილებელია საკუთარი მასტერქარდის ბარათის მონაცემები ამავე აპლიკაციაში მიუთითოთ. როდესაც იყენებთ საბანკო ბარათს მობილურით გადახდისას, ბარათის მონაცემები არც მოწყობილობაში და არც მობილურ სერვერებზე არ ინახება. იგი იცვლება უნიკალური ანგარიშის ნომრით, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება მობილურში. თითოეული გარიგება დასტურდება უნიკალური უსაფრთხოების კოდით.

როგორც მასტერქარდის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ელექტრონული გადახდების სისტემების მოხმარების კუთხით.

“მოხარულები ვართ, რომ დღეიდან საქართველოში Apple Pay-ის გადახდის სისტემა ინერგება. ელექტრონული გადახდის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ეს დიდი საფულე მოვიშორო და გადახდისათვის გამოვიყენო მხოლოდ ჩემი მობილური. მობილურით გადახდის სისტემების მოხმარების სიხშირე ძალიან სწრაფად იზრდება გლობალურად,” – ამბობს ანდრეშ ჰამბერგი, მასტერქარდის ისრაელის, საქართველოს და ყოფილი დსთ-ს ქვეყნების გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, მასტერქარდის კვლევა უჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის გამოკითხულთა 50% არჩევს მობილური სისტემით გადახდას და ეს მაჩვენებელი საქართველოში 75%-მდეც კი იზრდება:

“უკონტაქტო გადახდები საქართველოში არის დღევანდელობა და არა მომავალი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყოველი მეორე გადახდა საქართველოში ხდება ბარათის დადებით. მომავალში კი კიდევ უფრო მეტი განხორციელდება მობილურით.”

მასტერქარდის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი საერთაშორისო ბაზრებზე ჰაკან ტაკლიჩი კი ამბობს, რომ უკონტაქტო გადახდა მოსახერხებელი არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ ბიზნესისთვისაა:

“მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ინოვაცია მობილურით უკონტაქტო გადახდის სისტემაა. საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს შეთავაზება აქაც პოპულარული გახდება. სტატისტიკურად, ნაღდი ფულით შენაძენის გაკეთებას 16 წამი სჭირდება, ხოლო ელექტრონული გადახდის სისტემებით 9 წამი. ეს ნიშნავს ნაკლებ დახარჯულ დროს გადახდაში და მეტ დროს მაღაზიებისთვის მოგების მისაღებად.”

გადაიხადე უნაღდოდ და მიიღე საჩუქრები – გამოწვევა მასტერქარდისგან

მასტერქარდმა ახალი გადახდის სისტემის პოპულარიზაციისთვის, გამოწვევა წამოიწყო ქართველ ონლაინ მედია ინფლუენსერებს [ადამიანი, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს სოცქსელებში] შორის. პრომო აქციაში ჩართული ინფლუენსერები ერთი კვირის მანძილზე ყველგან, მაღაზიებში, სალონებში, რესტორნებსა თუ სხვა ადგილებში მხოლოდ სმარტფონით, Apple Pay-ს აპლიკაციაზე მიბმული მასტერ ქარდის ვირტუალური ბარათით გადაიხდიან.

პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მონაწილემ ყველაზე მეტი ადგილი უნდა მოძებნოს, სადაც გადახდა ელექტრონული სისტემის საშუალებითაა შესაძლებელი. გადაიხადოს და აჩვენოს ყველას, რომ საქართველოში უნაღდო გადახდა მარტივია.

ამასთან, მასტერქარდმა საჩუქრები ყველასთვის დაანონსა, ვინც პრომოკამპანიას სექტემბერ-ოქტომბერში შეუერთდება. Apple Pay-ით გადახდის შემთხვევაში ისინი მასტერქარდსა და პარტნიორი მერჩანტებისგან [საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანია] სპეციალურ სარგებელსა და სიურპრიზებს მიიღებენ: 

  • RGG მაღაზიათა ქსელში (Zara, Massimo Dutti, Mango, Gap, Promod, Aldo და სხვა.) – 5-ლარიან ვაუჩერს ყოველ 50-ლარიან ტრანზაქციაზე.
  • McDonald’s-ში – ყოველ 5-ლარიან ტრანზაქციაზე უფასო ბურგერს.
  • Carrefour-ში – ყველა ტრანზაქციაზე გაორმაგებულ ქულებს MyClub-ზე.
  • GULF-ში – ასევე 5-ლარიან ვაუჩერს ყოველ 50-ლარიან ტრანზაქციაზე.

სიახლე დღეს ისთ ფოინთში გამართულ პრეზენტაციაზე გააცნეს მომხმარებელს. დასასრულს კი სტუმრებმა „კარფურში“ გადაინაცვლეს, სადაც პროდუქციის საფასურის გადახდა Apple Pay-ის დახმარებით შეძლეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი